ახალი ამბები

აბაშიშვილი: გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები, თითქოს პაპუაშვილის განცხადება არაფერს ნიშნავს

23 ივლისი, 2016 • 1438
აბაშიშვილი: გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები, თითქოს პაპუაშვილის განცხადება არაფერს ნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი იმედოვნებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება პროკურატურის მხრიდან იგნორირებული არ დარჩება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“აბსოლუტურად ნაჩქარევი და გაუგებარია პოლიტიკური შეფასებები, თითქოს არაფერი ხდება პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა მსგავსი ტიპის განცხადება და, სამწუხაროდ, ამას პროკურატურის მხრიდან, როგორც ჩანს, არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. იმედია, რომ ახლა, ამ შემთხვევაში მსგავსი არ განმეორდება და მსგავსი გულგრილობით არ მოხდება ამ ფაქტის კვლავ გვერდზე გადადება. რაც შეეხება პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრას, დრო ზუსტდება და ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება. როდესაც პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდებიან, ვფიქრობ, რომ მაშინ იქნება უფრო მეტი დეტალი ცნობილი,” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი