ახალი ამბები

სასამართლომ “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

6 მარტი, 2012 • • 1094
სასამართლომ “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვაზე უარი თქვა

ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის განცხადებით, 2012 წლის 2 მარტს ნუგზარ ხუციშვილმა მიიღო სასამართლო განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის განხილვაზე და მოუწოდეს, სასამართლოში შეეტანა არა სარჩელი, არამედ – საჩივარი.  

აღნიშნულის შესახებ დღეს, 6 მარტს ადვოკატებმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. პრესკონფერენციაში ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის სამი ადვოკატი – ზაქარია ქუცნაშვილი, არჩილ კბილაშვილი და ალა კახნიაური– მონაწილეობდა.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო ჯგუფის წევრის, ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კონტროლის პალატის სურვილია, რაც შეიძლება ადრე და მალე მოხდეს მათი დაჯარიმება იმ დარღვევისთვის, რაც, კონტროლის პალატის აზრით, არის ჩადენილი.

რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატამ გამოიტანა დადგენილება და თავისი დადგენილებით დააჯარიმა სამი პირი, ესენია:” შპს “ქართუ მშენებელი”,  ამ კომპანიის თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი და საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება”. თითოეული 200 ათასი ლარის ოდენობით, ჯამში, 600 ათასი ლარით დაჯარიმდა.

კონტროლის პალატის აზრით, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უკანონო ფინანსური შემოწირულობის განხორცილებას საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. კერძოდ, კონტროლის პალატამ ჩათვალა, რომ შპს “ქართუ მშენებელმა” უკანონოდ შესწირა ფული 20 ათასი ლარი საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებას”.
ხოლო ამ უკანონო შეწირვის განხორციელების დროს “ქართუ მშენებლმა” შეწირვის საშუალებად გამოიყენა მისი თანამშრომელი ნუგზარ ხუციშვილი, რომელსაც ჩაურიცხა გარკვეული რაოდენობის პრემია, 40 ათასი ლარი, ხოლო ნუგზარ ხუციშვილმა მიღებული 40 ათასი ლარიდან 20 ათასი შესწირა “ქართულ ოცნებას”.

ნუგზარ ხუციშვილმა, რომელმაც მიიღო კონტროლის პალატის ეს დადგენილება, მიღებიდან მეორე დღეს, 1 მარტს, სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა ამ დადგენილების გაუქმება. აღნიშნულის გასაჩივრებისას კი, როგორც ადვოკატები ამბობენ, შემდეგ პრობლემას წააწყდნენ:

ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, 1 მარტს, როდესაც სარჩელი შევიდა, უკვე  საღამო ხანი იყო, 18:30 საათი. მეორე დღეს, 2 მარტს, ნაშუადღევს უკვე ნუგზარ ხუციშვილმა მიიღო სასამართლოს განჩინება, პასუხი, რომელშიც უარი არის ნათქვამი მისთვის სარჩელის განხილვაზე და სასამართლო მას აძლევს რეკომენდაციას, რომ სარჩელი კი არ შეიტანოს, არამედ შეიტანოს საჩივარი.

ადვოკატი აქვე განმარტავს გასაჩივრების ამ ორი ფორმის მნიშვნელობას. ორი კატეგორია არსებობს გასაჩივრების, ერთი გასაჩივრება– სარჩელის გზით, მეორე გასაჩივრება – საჩივრის გზით.

  • როდესაც სარჩელი შეაქვს პირს, ამ სარჩელს იხილავს სამი ინსტანცია (თბილისის საქალაქო სასამართლო, სააპაელაციო და უზენაესი სასამართლო). ამ შემთხვევაში პირს აქვს დაცვის უკეთესი საშუალებები. კერძოდ, მისი სარჩელი მიდის მეორე მხარესთან, ეს უკანასკნელი წერს პასუხს, ამ პასუხს იღებს მოსარჩელე, რომელსაც შეუძლია გაზარდოს, შეცვალოს მოთხოვნა, წარადგინოს მტკიცებულებანი. შემდგომ ხდება სასამართლო განხილვა, როდესაც სრულად ამოიწურება ეს პროცედურა.
  • როდესაც საჩივარი შეაქვს პირს, საჩივარს იხილავს ორი ინსტანცია (თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლო). საჩივარი შედის რა, სასამართლო ყოველგვარი ზემოთ მოყვანილი პროცედურის გარეშე ნიშნავს განხილვას და, შესაბამისად, სწრაფად გამოდის გადაწყვეტილება. საჩივრის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო საჩივარს იხილავს მხარის გარეშე.

“რატომ ავირჩიეთ ჩვენ სასარჩელო გზა? ავირჩიეთ იმიტომ, რომ დაცვის უფრო ეფექტური საშუალებაა და ამიტომაც უფრო მეტი შანსი არსებობს, რომ რაღაცას მიაღწიო. რაც შეეხება დროის ასპექტს, თუკი სარჩელის განხილვას და გადაწყვეტას თავიდან ბოლომდე დაახლოებით რამდენიმე თვე ჭირდება (2, 3 ან 4 თვე), საჩივრის განხილვას და გადაწყვეტას სჭირდება დაახლოებით ორი–სამი კვირა, რომ დამთავრდეს მთელი ეს  პროცედურა,“ – აღნიშნავს კბილაშვილი და დასძენს, რომ  კანონი ითვალისწინებს ორივე გზას, როგორც სარჩელის გზით გასაჩივრების შესაძლებლობას, ასევე, საჩივრის გზით.

“უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული, შემდეგია აღნიშნული. ამ დოკუმენტის იმ ნაწილს წაგიკითხვათ, რომელიც შეეხება არჩევანის უფლებას, როდესაც უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციებით პირმა უნდა გადაწყვიტოს თავისი უფლება, დაიცვას სარჩელის გზით, თუ საჩივრის შეტანის გზით,” – განაცხადა კბილაშვილმა და  დასტურად საქართველოს უზენაესი სასამარლოს რეკომენდაციის XVII თავი მოიშველია.

“მოსამართლეებს  შორის შეჯერდა აზრი იმაზე, რომ თუ პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს დაჯარიმდა დადგენილების ან  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, მაშინ თვითონ ეს პირი წყვეტს, დადგენილების (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გასაჩივრების რომელი ფორმა გამოიყენოს – მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სასარჩელო განცხადების საფუძველზე, თუ მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული საჩივრით,” – აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სასამარლოს რეკომენდაციის XVII თავში.  

კბილაშვილის განცხადებით, აქედან იკვეთება შემდეგი: მათი სურვილია, რაც შეიძლება ადრე და მალე მოხდეს მათი დაჯარიმება იმ დარღვევისთვის, რაც, კონტროლის პალატის აზრით, არის ჩადენილი. ასე რომ, სასამართლომ არად ჩააგდო, რომ არსებობს რეკომენდაციები, რომ აღნიშნულის მიუხედავად, მიგვითითა მეორე გზაზე, ხოლო საჩივრის განხილვის გზით თემა ამოიწურება დაახლოებით ორ კვირაში.

ადვოკატი ასევე ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს,  “ჩვენ იმისათვის, რომ სასამართლოს არ დაეშვა ეს შეცდომა, ვივარაუდეთ, მას ექნებოდა გარკვეული ფიქრი ან ბიძგი იმისაკენ, რომ აღეკვეთათ სარჩელის გზით ჩვენი პრეტენზიების განხილვის შესაძლებლობა, დავურთეთ ეს რეკომენდაციები სარჩელს.”

“მეორე დღეს, ამას აქვს მნიშვნელობა, მივიღეთ სასამართლოს უარყოფითი პასუხი. არსებობს მინიმუმ ხუთდღიანი ვადა, როდესაც სასამართლო წყვეტს, მიიღოს თუ არ მიიღოს სარჩელი. ჩვენს შემთხვევაში სარჩელი შევიდა პირველი მარტის 18:30–ზე და მეორე დღეს, შუადღეს უკვე სამგვერდიანი განჩინება ჩაგვაბარა სასამართლომ,” – აღნიშნავს კბილაშვილი.

ის ყურადღებას სხვა სარჩელებზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მათ ფონზე ეს ფორსირებული განხილვის ნიშანია.

“არ ხდება ასეთი ფორსირებული განხილვა ჩვეულებრივ, წყნარ და მშვიდ ვითარებაში რვა სარჩელი აქვს “ქართუ ჯგუფ”–ში შემავალ კომპანიებს შეტანილი ამ უკანასკნელის ვითარების გამო შექმნილ პრობლემებზე, ოქტომბრიდან დაწყებული უკვე გასულია 3–4 თვე და არც ერთი საქმის განხილვა არ არის დაწყებული სასამართლოში. მაშინ ამ ფონზე, რატომ იღებს სასამართლო საათებში გადაწყვეტილებას, თან სრულიად საწინააღმდეგოს არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის. კონტროლის პალატის სურვილია, სწრაფად და მალე იქნას სისრულეში მოყვანილი მისი გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, კონტროლის პალატამ, რომელმაც ნუგზარ ხუციშვილს 200 ათასი ლარი დააკისრა, ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის ვადა განისაზღვროს 30 დღის განმავლობაში, ანუ 27 თებერვლიდან 27 მარტამდე 30 დღეა მოცემული ამ თანხის ნებაყოფლობით გადახდისათვის, ხოლო თუ ამ ვადაში თანხა ნებაყოფლობით არ იქნება გადახდილი, მაშინ მას უფლება აქვს, იძულებით ამოიღოს თანხა. აქ იყო მარტივი სურვილი კონტროლის პალატის, რომ როგორმე ერთ თვეში მოსწრებულიყო ისე, რომ სასამართლო განხილვაც ჩატეულიყო, და ერთი თვის თავზე (იტყვიან, გამოვიტანე დადგენილება, გასაჩივრდა სასამართლოში, მართლმსაჯულებამ თავისი სიტყვა თქვა, არ დაკმაყოფილდა საჩივარი) გადაწყვეტილება იქნება მიღებული,” – განაცხადა კბილაშვილმა.

ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით კი, მონიტორინგის სამსახურმა არა პრემიების, არამედ შემოწირულობის კანონიერება უნდა განსაზღვროს.

“მოგელაძეს თავი ისევ პროკურატურაში ჰგონია და მიიჩნევს, რომ მისი ზედამხედველობა ყველაფერზე ვრცელდება. იგი მის კომპეტენციას ცდება, რადგან კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” მას უფლებას ანიჭებს არა პრემიების, არამედ შემოწირულობების კანონიერება განსაზღვროს,” – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი