ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ უმკლავდება საქართველო რუსულ პროპაგანდას

23 ივლისი, 2016 • 2352
როგორ უმკლავდება საქართველო რუსულ პროპაგანდას

საქართველოში რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე, რომელიც დასავლეთსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის წინააღმდეგაა მიმართული, უფრო და უფრო მეტს საუბრობენ. ექსპერტების შეფასებით, ეს პრობლემა არა მხოლოდ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში, არამედ ევროკავშირშიც არსებობს და მასთან დასაპირისპირებლად დამოუკიდებელი, ეთიკური მედიის გაძლიერებაა საჭირო.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის კომუნიკაციების მენეჯერი, მიკოლაი ბეკასიაკი, იხსენებს 2016 წლის იანვარში გერმანიაში მომხდარ შემთხვევას, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა პროპაგანდამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა:

11 იანვარს ბერლინში მცხოვრები წარმოშობით რუსი გოგონა, 13 წლის ლიზა, გაუჩინარდა. იგი 30 საათის შემდეგ სახეზე დაზიანებებით გამოჩნდა და მშობლებს უთხრა, რომ თავს მიგრანტები დაესხნენ “ახლოაღმოსავლური, ან ჩრდილოაფრიკული გარეგნობის მამაკაცები”. ამბავი სწრაფად გავრცელდა სოციალურ მედიაში და გერმანიაში მცხოვრები რუსების პროტესტი გამოიწვია, რითაც, ბეკასიაკის შეფასებით, გაამძაფრა ანტიევროპული განწყობები. თუმცა, როგორც “გარდიანი” წერს, გამოჩენიდან სამი დღის შემდეგ სპეციალისტებთან საუბრისას მოზარდმა “მაშინვე აღიარა, რომ გაუპატიურების ამბავი სიცრუე იყო”.

ბერლინში მცხოვრები რუსი მოზარდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიაში პროტესტი მოჰყვა. 2016 წლის იანვარი. ფოტო: ჰანიბალ ჰანშკე/როიტერსი

ბერლინში მცხოვრები რუსი მოზარდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიაში პროტესტი მოჰყვა. 2016 წლის იანვარი. ფოტო: ჰანიბალ ჰანშკე/როიტერსი

მიკოლაი ბეკასიაკი აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება კონკრეტული ჯგუფების მიერ ორგანიზებული წამოწყება და კოორდინირებული კამპანიაა. მისი თქმით, ამ პროცესში ჩართულნი არიან ე.წ “სინქ-ტანკები”, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც ამ ინფორმაციას ავრცელებენ.  

ის, რომ საქართველოში მედია ამჟამად უფრო ხშირად აშუქებს ანტიდასავლურ ამბებს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი2-ზე გადაცემა “არჩევანში” 19 ივლისს განაცხადა.

”სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ჩატარებულმა კვლევამ (2015 წლის დეკემბერი), რომელიც რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (47.7%) უყურებს უცხოურ სატელევიზიო არხებს, ხოლო მაყურებლები ძირითადად NTV-ს და ORT-ს ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის, შეფასებით,  ეს არხები არის “რუსეთის სახელმწიფო აპარატის ერთ-ერთი განშტოება. ეს არის რუსეთის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლირებადი ინსტრუმენტი, რომელსაც კონკრეტული მიზნები აქვს”.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ხმას მაინც მისცემდა მანამდე მისთვის მისაღებ პარტიას, თუ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყობდა, რომ ეს ძალა დაფინანსებას რუსეთიდან იღებს. 51% ამბობს, რომ ასეთ პარტიას ხმას არ მისცემდა, 13%-მა კითხვას არ უპასუხა, ხოლო 11%-ის პოზიცია ხმის მიცემა/არმიცემას შორის შუაში ფიქსირდება.

ბეკასიაკი ფიქრობს, რომ ევროკავშირს დეზინფორმაციის ნაკადის დამარცხება შეუძლია დეზინფორმაციის არსის გაგებით, კომუნიკაციის არხების გაუმჯობესებითა და ეთიკური პრინციპებით მომუშავე მედიის გაძლიერებით.

“პრობლემა ისაა, რომ ინფორმაცია, რასაც ჩვენ უნდა ვავრცელებდეთ, საკმარისად მკაფიო არ არის, ამიტომ გვჭირდება უკეთ ავხსნათ, თუ რას ვაკეთებთ. საქართველოს მაგალითზე, – უკეთ ავხსნათ აქ მიმდინარე მოვლენები, – რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში, რა არის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და რა მნიშნველობა ექნება მას საქართველოსათვის”, – ამბობს ბეკასიაკი და დასძენს, რომ საჭიროა პროპაგანდასთან დაპირისპირება სოციალური მედიითაც. 

მიკოლაჟ ბეკასიაკი (მარცხნივ) და ხათუნა მშვიდობაძე (მარჯვნივ) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) გამართულ პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას რუსეთის საინფორმაციო და კიბერომის საფრთხეების შესახებ. 21.7.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მიკოლაჟ ბეკასიაკი (მარცხნივ) და ხათუნა მშვიდობაძე (მარჯვნივ) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) გამართულ პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას რუსეთის საინფორმაციო და კიბერომის საფრთხეების შესახებ. 21.7.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პროპაგანდასთან დაპირისპირებაში სოციალური მედიას დიდ მნიშნველობას ანიჭებს მედიაექსპერტი ონიკ ჯეიმს კრიკორიანიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახის პროპაგანდას, იქნება ეს ანტიდასავლური თუ ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდა,  სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ.  

ონიკ კრიკორიანი იხსენებს 2013 წლის 17 მაისს – იმ დღეს, როდესაც ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში აქცია-ფლეშმობი უნდა გამართულიყო. თუმცა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სხვადასხვა ჯგუფებმა ლგბტ უფლებათა აქტივისტებს ამის საშუალება არ მისცეს. კონტრაქციის მონაწილეები აქტივისტებს (ჭინჭრებით) დაედევნენ, დალეწეს ავტობუსები და მიკროავტობუსები. 2014 წელს კი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცის და მშობელთა პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.

სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით შეიკრიბნენ კონსერვატული ჯგუფები 2016 წელს რუსთაველის გამზირზე –  იქ, სადაც 3 წლის წინ მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, წელს ხატით მსვლელობა გაიმართა. პარალელურად კი „მსოფლიო საოჯახო კონგრესისა“ და ქართველი საჯარო ფიგურის, ლევან ვასაძის, ორგანიზებით 4-დღიანი კონფერენცია ჩატარდა.

კონგრესის კონფერენციის მთავარ თემებს შორის იყო: “ოჯახი, როგორც ბუნებრივი და ფუნდამენტური გაერთიანება საზოგადოებისა“, „ქორწინების დეკონსტრუქცია თანასწორობის სახელით“, „როგორ უთხრის ძირს გენდერის თეორია და სქესობრივი განათლება ოჯახსა და მშობლების ავტორიტეტს“ და ა.შ. როგორც დამსწრეები ამბობდნენ, “დასავლეთის მიმართ გადაჭარბებული კრიტიკა ისმოდა”.

მსვლელობის მონაწილეები აწყურის ღვთისმშობლის ხატით © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

17 მაისს “ოჯახის სიმტკიცის დღესთან” დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები აწყურის ღვთისმშობლის ხატით. ფოტო © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“ევროკავშირის გავლენით საქართველოში “ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება” და “ერთმორწმუნე რუსეთში მსგავსს არაფერს დაუშვებენ”, – ესენია, კრიკორიანის შეფასებით, ის მცდარი, არაზუსტი მესიჯები, რასაც რუსული პროპაგანდისტული მექანიზმი ავრცელებს. 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ხათუნა მშვიდობაძე ამბობს, რომ რუსეთის ინფორმაციული ომის ხისტი, მიზანმიმართული დოქტრინა მოიცავს არა მხოლოდ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების არხების ეფექტურად გამოყენებას, არამედ კიბერსაფრთხეებსაც.

“სამიზნე არ არის მხოლოდ საქართველო, სამიზნეა დასავლეთევროპული ქვეყნები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და აშშ-ც”, – ამბობს მშვიდობაძე და დასძენს, რომ მთავარია, ქვეყანას მიზანმიმართული და სწორად გამიზნული სტრატეგია ჰქონდეს, რათა კიბერსაფრთხეებს გაუმკლავდეს. “ეს იმიტომ, რომ საქართველო ხშირად არის კიბერ-შპიონაჟის სამიზნე”, – თქვა ხათუნა მშვიდობაძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში (“კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა: 2014-2016”) ვკითხულობთ:

“2008-2011 წლებში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერშეტევებმა ნათლად დაგვანახა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება”.

ხათუნა მშვიდობაძეც იხსენებს 2008 წელს საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას და ამბობს, რომ მაშინ ეს საქართველოში საგრძნობი არ ყოფილა, რადგან ინტერნეტს საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი მოიხმარდა. “მაგრამ რა მოხდება დღეს, როდესაც ინტერნეტი გაცილებით გავრცელებულია, თუკი მსგავსი შემთხვევა განმეორდება”? – კითხულობს მშვიდობაძე და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა წაახალისოს უნივერსიტეტებში ამ მიმართულებით სტუდენტების სწავლა. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება გამიზნული, სტრატეგიულად კარგად დასახული გეგმები კიბერუსაფრთხოების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეებთან გასამკლავებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი