ახალი ამბებიეკონომიკა

ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ დედოლარიზაციაზე ხელისუფლების განცხადებებს

22 ივლისი, 2016 • 1863
ოპოზიციური პარტიები აკრიტიკებენ დედოლარიზაციაზე ხელისუფლების განცხადებებს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკრიტიკებენ დედოლარიზაციის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს.

„ბოლო დღეებია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დედოლარიზაციაზე საუბრობენ. თავისუფალი ბაზრის პრინციპის განუყოფელი პრინციპის დაცვის ნაცვლად, ეს ადამიანები დოლარს და საქართველოში განხორციელებულ იმპორტულ ნაკადებს ებრძვიან, რაც თავის მხრივ აზიანებს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას, ინვესტიციების შემოსვლასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნას. ხელოვნური ბრძოლა დოლართან ჩვენი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია”, – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში კრედიტები ხელმისაწვდომი არაა, სავალუტო ბაზარზე ხელოვნური ჩარევა და სწორედ დედოლარიზაციის მავნებლური პოლიტიკაა.

კრიტიკული განცხადებით გამოვიდა ასევე “გირჩის” წარმომადგენელი მამუკა გუდავა.

“ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მთავრობავ, ლართან შეჩვევისკენ რომ მოგვიწოდებთ (დედოლარიზაცია). მართლა ასე ფიქრობთ, თუ ბრძენ ხალხზე უფრო ბრძენი გგონიათ თავი? არც პასუხისმგებლური და არც ეკონომიკაში ჩაუხედავი ადამიანი არ შეინახავს ფულს ლარში, თუ აქვს, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ლარი არაა სტაბილური, მათ შორის თქვენი არაკვალიფიციური ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ან მთავრობამ გვაჩვენოს ანგარიშები, რომ მხოლოდ ლარში აქვთ, ან მორჩნენ მუდმივად პოპულიზმს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ კიდევ, გამოსავალი მარტივია: ლარის მიბმა დოლარზე. ამ შემთხვევაში ლარის შენახვა იგივე დოლარის შენახვა იქნება”, – წერს კუდავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ “რეზონანსთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ფინანსურ სისტემაში მთავარი პრობლემა დოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელია.

“თუ დოლარიზაციის მაჩვენებელი იქნება დაბალი, მაშინ კურსის მერყეობა, რასაც ასე მწვავედ განიცდის საზოგადოება, უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდება. მოსახლეობა თავადაც უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. დედოლარიზაციის პროცესი არ არის მარტივი, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის სხვადასხვა მექანიზმი, მაგალითად, დიდი ტრანზაქციების შემთხთვევაში, ეს იქნება ავტომობილის გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს”, – აცხადებს კობა გვენეტაძე.

გვენეტაძის განცხადებას დაეთანხმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც 21 ივლისს განაცხადა:

“მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას. დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენთვის, ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გაზრდა და გრძელ ვადაში ეროვნული ვალუტის ნდობა. ამისათვის, რა თქმა უნდა, კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგამი,  ამისთვის კეთდება საერთაშორისო საფინანსო-ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დემონირებული ობლიგაციების გამოშვება. ამას გარდა, გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, მიმართულია იქითკენ სწორედ, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს ქვეყნის და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ფულად გადარიცხვებზე და ისეთ მუხლებზე, რომლებიც შესაძლოა ეკონომიკური კრიზისის დროს იყოს რყევადი

ამიტომ ამ გრძელვადიანი, კომპლექსური ზომების გატარების გზით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ გრძელვადიანი ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ უფრო გამყარდება. ამას კიდევ ხელს შეუწყობს საპენსიო რეფორმა, რომელიც 2017 წელს არის დაგეგმილი, რაც ეროვნული ვალუტის გრძელვალდიანი რესურსის დაგროვებას უწყობს ხელს. ამიტომ აბსოლუტურად ვეთანხმები არა მარტო განცხადებას და სულისკვეთებას, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

“როცა ეს ადამიანები მოგვიწოდებენ დოლარები ლარში გადავიტანოთ, თავად მათ, მაგალითად – კალაძეს, ქუმსიშვილს და გვენეტაძეს, ანაბრები და მიმდინარე ანგარიშები (დეკლარაციის თანახმად) დოლარებში აქვთ?”, – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე მცირეხნიანი გამყარების შემდეგ ლარის კურსმა ივლისში ისევ დაიწყო გაუფასურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი