ახალი ამბები

პაპუაშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ თავდაპირველად პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდეს

21 ივლისი, 2016 • 1831
პაპუაშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ თავდაპირველად პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს გააცნოს. პაპუაშვილი მზადაა, მთავარ პროკურორს ამ შეხვედრების შემდეგ შეხვდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  გიორგი პაპუაშვილი ტელეფონით პრეზიდენტს ესაუბრა. ამ განცხადების თანახმად, პაპუაშვილის ინიციატივით  საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრთანაც:

“სატელეფონო საუბრის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროდ მიიჩნევს მის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რამდენადაც ეს ინფორმაცია უკავშირდება ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა და  ამასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებს.  ამ   შეხვედრების შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს საქართველოს მთავარ პროკურორს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი დაუყოვნებლივ ესაუბრა გიორგი პაპუაშვილს და ვითარებას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს ტელეფონით ესაუბრა და შესთავაზა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიაწოდოს გენერალურ პროკურატურას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში შესაძლებელია გიორგი პაპუაშვილს პირადად შეხვდეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი