ახალი ამბები

კვირიკაშვილი: გიორგი პაპუაშვილს შევთავაზე, პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია

21 ივლისი, 2016 • 1340
კვირიკაშვილი: გიორგი პაპუაშვილს შევთავაზე, პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს ტელეფონით ესაუბრა და შესთავაზა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიაწოდოს გენერალურ პროკურატურას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია:

“მე პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ, გეტყვით მხოლოდ, რომ ამ განცხადებიდან სულ რაღაც ერთ საათში ტელეფონით დავუკავშირდი გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზე მას, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რასაც ის ფლობს, გენერალურ პროკურატურას. მთავარ პროკურორს უკვე ვესაუბრე და ისინი მზად არიან, ჩაიბარონ ჩვენება.”

კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში შესაძლებელია გიორგი პაპუაშვილს პირადად შეხვდეს:

“არანაირი პრობლემა არ არის, ვუთხარი, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია პირადად შევხვდეთ კიდევაც, მაგრამ დრო რომ არ დავკარგოთ, კარგი იქნება, თუ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ კუთხით რაიმე სახის ჩივილი გააჩნია, მიმართავს პროკურატურას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი დაუყოვნებლივ ესაუბრა გიორგი პაპუაშვილს და ვითარებას გაეცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი