ახალი ამბები

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში შეხვდება

21 ივლისი, 2016 • 1446
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი დაუყოვნებლივ ესაუბრა გიორგი პაპუაშვილს და ვითარებას გაეცნო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.

“ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამრთლო. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი. შესაბამისად, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენას და მასზე ზემოქმედებას შეეხება. პრეზიდენტმა საკონსიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესთავაზა დახმარება – არის თუ არა მყისიერი ჩარევა საჭირო ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამის საჭიროება დღეს არ არის. ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებიან და განცხადების დეტალებთან და საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება,” – განაცხადა საპარლამენტო მდივანმა.

დღეს, 21 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი