ახალი ამბები

ივნისის მონაცემებით, თბილისში მტვრის კონცენტრაცია ჰაერში დასაშვებს 2.4-ჯერ აღემატება

21 ივლისი, 2016 • 2023
ივნისის მონაცემებით, თბილისში მტვრის კონცენტრაცია ჰაერში დასაშვებს 2.4-ჯერ აღემატება

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეოთხე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს. მონაცემები საქართველოს მასშტაბით 80 სხვადასხვა პუნტქიდან მიღებულ ინფორმაციას ასახავს და ის გასულ თვეში, ივნისში ჩატარდა. კვლევის პროცესში, როგორც წესი, განისაზღვრება ჰაერში ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის ფრაქციების შემცველობა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია აცხადებს, გასული თვის მონაცემებით, თბილისში მტვრის კონცენტრაცია ჰაერში  დასაშვებს 2.4-ჯერ აღემატება, ხოლო სხვა მონაცემები საშუალო მაჩვენებელს არ სცდება.

“არსებობს ინდიკატორები, რომლებსაც ინდიკატორული გაზომვები ვერ ზომავს, მაგრამ ზომავს სპეციალური სადგური, მაგალითად, მტვერს. მტვერი, ანუ მყარი შეწონილი ნაწილაკები ჰაერში გახლავთ ყველაზე დიდი პრობლემა. ბოლო მონაცემებით, ერთჯერად კონცენტრაციებთან მიმართებაში თბილისში 2.4-ჯერ აღემატება დასაშვებ დონეს,” – აცხადებს ბაგრატია.

ივნისის მონაცემებით, ასევე მტვრის ნაწილაკების შემცველობა ჰაერში დასაშვებ დონეს აჭარბებს ქუთაისში 3.4-ჯერ, ზესტაფონში კი, 2-ჯერ.

სააგენტოს მიერ გამოკვლეულ პუნტქებს შორის ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი აზოტის შემცველობის მაღალიდ დონით თბილისში, მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების კვეთაზეა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოცემულ ქუჩებზე ქალაქის მასშტაბით ყველა მძიმე მდგომარეობაა, რადგან სააგენტო თბილისს სრული მასშტაბით ჯერ არ აკვირდება.

თბილისში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო ინდექსი ფიქსირდება მეტროსადგურ დელისთან, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ტაშკენტის ქუჩის გადაკვეთაზე, თავისუფლების მოედანზე, პირველი სკოლის შენობასთან, გოძიაშვილისა და თოფურიას ქუჩების კვეთაზე.

ოზონის, ბენზოლის, გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაციების შედარებით დაბალი კოეფიციენტი ფიქსირდება დაკვირვების ქვეშ მყოფ ყველა პუნქტში. როგორც საგენტოში აცხადებენ, შედეგები ევროკავშირის ნორმებს შეესაბამება.

სააგენტოს ინფორმაციით, დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება ავტომატური სადგურის საშუალებით, რომელიც სააგენტოს იაპონიის მთავრობამ გადასცა. სადგური 24 საათის განმავლობაში გაზომავს ჰაერის დამაბინძურებლებს და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაცემს.

ჰაერის სადგურები დამატებით ვარკეთილში, ყაზბეგის გამზირზე და წერეთელზე განთავსდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი