ახალი ამბები

ადვოკატის განმარტებები, თუ რატომ შეიძლება იყოს იგორ გიორგაძე პოლიტიკური დევნილი

21 ივლისი, 2016 • 2460
ადვოკატის განმარტებები, თუ რატომ შეიძლება იყოს იგორ გიორგაძე პოლიტიკური დევნილი

იგორ გიორგაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი 21 წელია პოლიტიკური დევნილია. როგორც იურისტი ამბობს, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ მან დაინახა გიორგაძის მიმართ პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაცია.

მოსიაშვილის თქმით, ამჟამად იგორ გიორგაძე არის ბრალდებულის მაღალი სტატუსის მქონე პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გაირკვევა და დადასტურდება ის რეალური პოზიცია, რაც დაცვის მხარეს გააჩნია. იურისტის განცხადებით, ეს არის მრავალტომიანი საქმე, სადაც 1990-იანი წლების თითქმის ყველა გაუხსნელი საქმე გიორგაძის მიმართ ბრალდების წაყენების საფუძველი გახდა:

“საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, აშკარად და ცალსახად დადასტურდა, რომ ბატონი იგორ გიორგაძის მიმართ არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც არ შეიძლებოდა თუნდაც ბრალდება წაყენებულიყო. ვინაიდან დავინახეთ, რომ აშკარა იყო პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაცია ამ პირის მიმართ, გადავწყვიტეთ, მიგვემართა ინტერპოლისთვის და მოგვეთხოვა წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტა, ვინაიდან ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე პუნქტს არ შეესაბამებოდა გიორგაძის მიმართ განხორციელებული ძებნა. ჩვენ აღვნიშნეთ საქმის მასალებში არსებული ყველა გარემოება, რომლითაც დასტურდებოდა პირის მიმართ პოლიტიკური დევნა. ინტერპოლის სამდივნომ ობიექტურად შეისწავლა ეს მასალები და წითელი ცილკულარით ძებნა შეწყვიტა. ინტერპოლმა გიორგაძის საქმის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში ცალსახად და უდახოდ აღნიშნა, რომ ვინაიდან ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლს არ შეესაბამებოდა კონკრეტულად იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცილკულარით ძებნა, შეწყვიტა ძებნა. ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლი განმარტავს, რომ არ შეიძლება და დაუშვებელია ინტერპოლის რესურსის გამოყენება პოლიტიკური დევნილი პირის მიმართ. სწორედ ეს გახლდათ საფუძველი იმისა, რომ გიორგაძეზე შეჩერდა წითელი ცირკულარით ძებნა,” – ამბობს იურისტი.

მოსიაშვილის განცხადებით, იგორ გიორგაძის მიმართ წარდგენილ ათეულობით ბრალდებას შორის არის პრეზიდენტზე ტერაქტის მოწყობა და იმ პერიოდში გახმაურებული გამოუძიებელი მკვლელობებიც:

“მე მოგიწოდებთ თქვენ, ღია, საჯარო სხდომებზე მობრძანდეთ და დაესწროთ სასამართლო პროცესებს, სადაც დარწმუნდებით, რომ არც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც დაადასტურებს ამ პირის ბრალეულობას. დაწყებული [პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძე] ტერაქტიდან, დამთავრებული გახმაურებული მკვლელობებით [გია ჭანტურიას და სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა] არის დღეის მდგომარეობით ბრალად წარდგენილი იგორ გიორგაძის მიმართ. ეს ბრალდებები არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.”

იგორ გიორგაძის საქმეზე სასამართლო გამოძიების ეტაპი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში, სადაც დაცვის მხარე შეეცდება, რომ დაადასტუროს იგორ გიორგაძის უდანაშაულობა.

“ინტერპოლმა საფუძვლიან შესწავლაში იგულისხმა დაცვის მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მაგრამ, არა მგონია, ისინი მხოლოდ ამ ინფორმაციას დაყრდნობოდნენ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა მათ მიერ მოწერილ განცხადებაში ცალსახად არის განმარტებული, რომ შეისწავლეს საფუძვლიანად ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ. ამიტომ ეს გახლდათ საფუძველი, რომ იგორ გიორგაძის მიმართ შეჩერდა წითელი ცირკულარით ძებნა. საქართველოს პროკურატურასთან ჰქონდა თუ არა ინტერპოლს კომუნიკაცია, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ფაქტია, ინტერპოლის სამდივნო დარწმუნდა, რომ მათი რესურსი არ შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკურად დევნილი პირის მიმართ. ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ინტერპოლს საქართველოს პროკურატურასთან, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ მე არ ვარ პროკურატურის წარმომადგენელი,” – ამბობს იურისტი.

მიუხედავად იმისა, რომ იგორ გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა შეჩერდა, ადვოკატის განმარტებით, გიორგაძეს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში აუცილებლად დააკავებენ, რადგან ქართული მხარის მხრიდან სამართლებრივი დევნა არ შეჩერებულა.

“საერთაშორისო, წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ იგორ გიორგაძე აღარ იძებნება. ადგილობრივ დონეზე, რა ინფორმაციაც მაქვს, არ არის ძებნა შეწყვეტილი. შესაბამისად, იმ შემთხევაში, თუ საქართველოში ჩამოვიდა ბატონი იგორ გიორგაძე, სამართლებრივი რეაგირება ქართულ მხარეს ექნება. თუმცა, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის შემდეგ უნდა გამოძიებულიყო ეს საქმე. საქართველოს კანონმდებლობა საგამოძიებო ორგანოებს ავალდებულებდა ამას. უნდა მოეძიებინათ საქმის მასალები და განეხილათ სასამართლოში იმიტომ, რომ ძებნილ პირთა მიმართ საქმის განხილვა ხორციელდება სწორედ სასამართლოში. რატომღაც ეს საქმე არ წარადგინეს სასამართლოში. მხოლოდ და მხოლოდ, რაც სავალდებულო მითითება მიიღო პროკურატურამ, ეს გახლდათ საფუძველი იმისა, რომ ყველა ძებნილი პირის საქმე წავიდა სასამართლოში, მათ შორის, ბატონი იგორ გიორგაძის საქმეც,” – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, სამართლიანი განხილვის პირობებში ის გამამართლებელ განაჩენს ელოდება:

“იმ შემთხვევაში, თუ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს სასამართლო, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ პროკურატურას უფლება აქვს, მოითხოვოს იგორ გიორგაძის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში ჩასმა. ამ ეტაპაზე ფიზიკურად შეუძლებელია, რომ პროკურატურამ რაიმე სახის ქმედება განახორციელოს, რომლითაც ინტერპოლი წითელი ცირკულარით ძებნილი პირის სტატუსს მიანიჭებს ბატონ იგორ გიორგაძეს, ვინაიდან, ერთი მხრივ, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და, მეორე მხრივ, დადასტურებულია ინტერპოლის მიერ, რომ მათი რესურსის გამოყენება მიზანშეუწონელია პოლიტიკური დევნილი პირის მიმართ.”

საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრის ადვოკატი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ნუ დაარღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან მაღალი მოთხოვნა აქვს:

“იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც მინიმუმ, არის ძალიან ცუდი და სამართლებრივად აღმაშფოთებელი ფაქტი. ფაქტობრივად, იგორ გიორგაძის მიმართ მიმდინარეობდა რეპრესიები და პოლიტიკური დევნა. ეს არის ჩემი სიტყვები. ეს არის ინტერპოლის მიერ გაცხადებული პოზიცია, როდესაც მას წითელი ცირკულარით ძებნა მოუხსნეს.”

მოსიაშვილი არ ფიქრობს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე იგორ გიორგაძის სასამართლო პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

“კარგი იქნებოდა, უფრო ხშირად ჩანიშნულიყო პროცესები, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ეს საქმე სასამართლოში ჯერ კიდევ 2012 წელს არის შესული, თუ არ ვცდები. დღეს 2016 წელია. რომელ დაჩქარებულ წესზე ვსაუბრობთ? 21-წლიანი ლოდინის შემდეგ სასამართლომ თავისი შეხედულებისამებრ მიიღო პროცესების ახლა ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. ყველა ადამიანს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უფრო ადრეც შეიძლებოდა სამართლიანი განხილვის პირობებში ამ ადამიანს პირადად დაედასტურებინა თავისი სიმართლე და პოზიცია. ამის შესაძლებლობა მას არ მიეცა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მასალები, რაც წარმოდგენილია, აბოსლუტურად შეუსაბამოა ბრალდების ფორმულირებასთან,” – აცხადებს იურისტი.

რაც შეეხება მოწმეებს, მოსიაშვილის თქმით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ესენი უნდა ყოფილიყვნენ გამომძიებლები ან საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებლები, თუმცა ისინი არ დაიკითხებიან, რადგან ბრალდების მხარის მიმართ არ არიან შეყვანილი დასაკითხთა სიაში:

არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოზიცია ეკავა მაშინ და რა პოზიცია უკავია დღეს. მთავარია ის, რომ თუნდაც მათი გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება გიორგაძის ბრალეულება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომელიც სასამართლომ უნდა შეაჯამოს, შეაფასოს და საბოლოოდ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ეს საქმე განიხილება ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, იმ პერიოდში არსებული მასალებით ხდებოდა სახელმწიფო ბრალმდებლების მხირდან საბრალდებო დასკვნაში იმ პირთა ჩამონათვალი და შეყვანა, რომელთა დაკითხვასაც ისინი ითხოვდნენ. ეს განსხვავდება დღეს მოქმედი კანონმდებლობისგან.”

საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, რომელსაც ბრალი პრეზიდენტ ედუარდ შევარდაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში ედება, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

“მე ვფიქრობ, რომ ბატონი იგორ გიორგაძის საქართველოში ჩამოსვლა, სანამ სასამართლო ობიექტურად და სამართლიანად არ განიხილავს საქმეს, არ იქნება მიზანშეწონილი – თუნცად დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ვინაიდან შიდა დონეზე შეიძლება სამართლებრივი რეაგირების განხორციელბა. კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ ძებნილი პირის მიმართ საქმის განხილვა მის დაუსწრებლად განხორციელდეს. დღეს ქვეყნის შიდა დონეზე ძებნილი პირის საქმის განხილვა შეიძლება მის დაუსწრებლადაც. თითოეული თქვენგანი თავად დარწმუნდებით ბრალდების ფორმულირების აბსურდულობაში და ამ 21-წლიან დევნაში, რომელიც მიმდინარეობს ამ ადამიანის მიმართ,” – აცხადებს გიორგაძის ადვოკატი.

20 ივლისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმის მიუხედავად, ინტერპოლმა გიორგაძის ძებნა 2016 წლის 30 მაისს შეწყვიტა, რადგან მას მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, პროკურატურა მაინც აგრძელებს ყოფილი მინისტრის ძებნას.

გიორგაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

იგორ გიორგაძის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ბოლო სხდომა 7 ივლისს გაიმართა. მას ბრალად ედება სსკ 65-ე, 67-ე, 78-ე, 104-ე და სხვა მუხლების (ძვ. რედაქცია) დარღვევა. ადვოკატის თქმით, იგორ გიორგაძეს 21 წლის განმავლობაში ჰქონდა ბრალი წარდგენილი, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ გამოუტანია.

იგორ გიორგაძე 1993 წელს საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრად დაინიშნა, ხოლო 1995 წლის სექტემბერში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყანა დატოვა. გიორგაძეს ბრალი ედება თავდასხმის ორგანიზებაში, რის გამოც “ინტერპოლის” მიერ იძებნებოდა.

ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია “სამართლიანობა” და ორგანიზაცია “ანტისოროსი”. 2006 წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გიორგაძის ორგანიზაციის აქტივისტები დააკავა და მისი 13 ლიდერი გაასამართლა. ერთ-ერთი მათგანი, თემურ ჟორჟოლიანი, პატიმრობიდან 2012 წლის 10 ნოემბერს, ვადაზე ადრე, პირობით გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი