ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: თურქეთის ელჩის ვიზიტი სკოლების მშენებლობას უკავშირდება

21 ივლისი, 2016 • 1453
განათლების სამინისტრო: თურქეთის ელჩის ვიზიტი სკოლების მშენებლობას უკავშირდება

განათლების სამინისტროს მტკიცებით, თურქეთის ელჩის, ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს განათლების სამინისტროში ვიზიტი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას  უკავშირდებოდა და არა ბათუმში მოქმედ შაჰინის სკოლას.

“ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რაც პერიოდულად იმართება ხოლმე. გარკვეული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ტენდერები მოგებული აქვს თურქეულ კომპანიებს და ამას უკავშირდებოდა ელჩის ვიზიტი,” – აცხადებენ სამინისტროში.

16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემიზქანმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას ტელეარხ 25-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან. კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით. ფეტულა გულენს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 ივლისს თურქეთის ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი