ახალი ამბები

საიას კვლევა: სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულს შევიწროებული უფლებები აქვს

21 ივლისი, 2016 • 3108
საიას კვლევა: სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულს შევიწროებული უფლებები აქვს

სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო უწყებები ზოგჯერ მნიშვნელოვანი ხარვეზებით მოქმედებენ დაზარალებულის ინტერესებისა და უფლებების დაცვის თვალსაზრისით, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

საიას კვლევა სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულების უფლებებს ეხება და ქვეყანაში არსებულ კანონმდებლობას, პრაქტიკასა და საერთაშორისო მიდგომებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2014 წელს განხორციელებული ცვლილებები  მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა კვლავ რჩება პრაქტიკული და საკანონმდებლო ცვლილებები:

“ზოგჯერ ადგილი აქვს პირისთვის დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭების გაჭიანურებას. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის საქმეებზე. ამის გარდა, ზოგჯერ დაზარალებულს, სტატუსის მინიჭების მიუხედავად,  სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის და ასლების მიღების შესაძლებლობა არ აქვს. ეს როგორც პრაქტიკული, ისე საკანონმდებლო ხარვეზებითაა გამოწვეული,”- აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე კვლევის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების და მის კანონიერებაზე დავის შესაძლებლობა დაზარალებულს არ აქვს. ამასთან, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დაზარალებულისთვის ინფორმაციის მიღება სასამართლო სხდომის თარიღებთან დაკავშირებით.

კვლევის მიხედვით, შეზღუდული ქართული კანონმდებლობის ფარგლებში, გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრების სტატუსი და როლი სისხლის სამართლის პროცესში მთლიანად გამოძიების ორგანოების შეხედულებებზეა დამოკიდებული, რაც ხშირად იწვევს გამოძიების პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას. ამასთან, ადგილი აქვს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრების უფლებათა უგულებელყოფას:

“არ ხდება შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და აღრიცხვა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს პრობლემის განზოგადებისა და ხარვეზების იდენტიფიცირების საშუალებას მისცემდა,” – ვკითხულობთ კვლევაში.

საიაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა გახადოს დაზარალებულისთვის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი და მას მისცეს პრაქტიკული შესაძლებლობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით ისარგებლოს.

“მიუღებელია დაზარალებულის იგნორირება სახელმწიფოს მხრიდან. არგუმენტი, რომ ჩვენ შეჯიბრებითობის პრინციპი გვაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ დაზარალებულს ასეთი შევიწროებული უფლებები ჰქონდეს. სახელმწიფო ვალდებულია გადახედოს კანონმდებლობას,” -ამბობს ანა ნაცვლიშვილი, საიას თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის უფლებების გაფართოების მიზნით საია მომოდევნო მოწვევის პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე საია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს:

1.შეიმუშაოს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც  დაზარალებულს პროკურორის ცალკეული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას მიანიჭებს. კერძოდ, დაზარალებულს უნდა შეეძლოს ყველა კატეგორიის დანაშაულზე სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილება დაზარალებულად ცნობასა და დევნის დაწყებაზე უარის თქმის, ან დევნის/გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

2. საკანონმდებლო ცვლილების მეშვეობით, დაზარალებულს სახელმწიფოს ხარჯით  მიეცეს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. ამასთან, უარი უნდა იყოს დასაბუთებული.

3. აუცილებელია, მოხდეს დაზარალებულის ინფორმირება  ისეთ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, როგორიცაა ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან, წინასასამართლო სხდომა, სასამართლოს მთავარი სხდომა, საპროცესო შეთანხმების სხდომა, სასჯელის შეფარდებისა და სააპელაციო ამ საკასაციო სასამართლო სხდომები. ინფორმაციის მიწოდება პროკურორის ვალდებულებად უნდა განისაზღვროს.

4. დაზარალებულმა მის მიერ შეტყობინების გარეშე უნდა მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციალური დაწესებულების დატოვების შესახებ.

5. საკანონმდებლო ცვლილებით უნგა განისაზღვროს, რომ დაზარალებულს მოთხოვნის შემთხვევაში  დისტანციური დაკითხვის შესაძლელობა აქვს , ან ალტერნატიული მექანიზმის, ბრალდებულის დასწრების გამორიხვით.

6. საკანონმდებლო რეგულაციით უნგა განიზაღვროს, რომ თუ პროკურორი არ გაითვალისწინებს დაზარალებულის მითითებას ან წარდგენილ მოსაზრებებს დამატებითი გამოძიების ჩატარების შესახებ, მან [პროკურმა]  უარის თქმის გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს.

7. საკანონმდებლო ცვლილებების გზით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მოსამართლე ვალდებული იყოს, განიხილოს დაზარალებულის მოსაზრებები სასჯელის პროპორციულობისა და მიზანშეწონილობის კონტექსტში. ხოლო შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვვევაში, არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება და საქმე დაუბრუნოს პროკურორს.

საია რეკომენდაციებით ასევე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას:

1. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში პირს მიანიჭოს დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გამოძიების საწყის საფეხურზე, რაც ხელს შეუწყობს პირის ბრალეულობის დამტკიცებისთვის მეტი მტკიცებულების მოძიების შესაძლებლობას და გამოკვეთს მათი მოპოვების აუცილებლობას.

2. პროკურატურამ უზრუნველყის სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება სიცოცხლის უფლებისა და არასათანადო მოპყრობის დარღვევასთან დაკავშირებით არა მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის, არამედ კერძო პირების მონაწილეობის შემთხვევაშიც.

3. ბრალდების ორგანოებმა ყველა შემთხვევაში დაასაბუთონ, რა მიზეზით ეუბნებიან უარს დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობაზე და მიუთითონ კონკრეტული საფუძვლები.

4. პროკურატურამ აწარმოოს დაზარალებულის მიერ პროკურორის ცალკეული გადაწყვეტილებების ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების შემთხვევების და მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა.

საია რეკომენდაციებით საერთო სასამართლოებსაც მიმართავს:

1. საქმის არსებითი განხილვის გარეშე მიღებულგ ადაწყვეტილებებში, დაზარალებულის ინტერესებიდან გამმდინარე, მოსამართლეებმა მიუთითონ პროკურორის მიერ დაზარალებულთან კონსულტაციის გავლისა და ინფორმირების ვალდებულებაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. მოსამართლეეებმა მხედველობაში მიიღონ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის გადაუხდელობის ფაქტი გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას.

“მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინონ. კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმართულებით უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც გააუმჯობესებს დაზარალებულის უფლებებსა და შესაძლებლობებს სისხლის სამართლის პროცესში, – აღნიშნავს გოგა ხატიაშვილი, კვლვის ავტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი