ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთში გაუჩინარებულ გერმანიის მოქალაქეს 8 დღეა ეძებენ

20 ივლისი, 2016 • 1551
სამეგრელო-ზემო სვანეთში გაუჩინარებულ გერმანიის მოქალაქეს 8 დღეა ეძებენ

65 წლის სერგეი სმისლოვი, გერმანიის მოქალაქე, რომელიც სამი წელია საქართველოში ცხოვრობს, უკვე რვა დღეა, გაუჩინარებულია. შსს-ს ცნობით, მის საპოვნელად “ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს”. მას 276-ე მუხლით ეძებენ – რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გერმანიის მოქალაქე სერგეი სმისლოვი 12 ივლისს, საღამოს გაუჩინარდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ის მესტიაში კომპანია “ეპტისას” წარმომადგენელი იყო და სამი წლის განმავლობაში მუშაობდა წყალკანალის მშენებლობის ზედამხედველად. მას კონტრაქტი დაუმთავრდა და 15 ივლისს ტოვებდა საქართველოს.

როგორც სმისლოვის შვილმა, ვიქტორია სევდაკოვამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს უთხრა, გაუჩინარებამდე სმისლოვი ტელეფონით ესაუბრა მეგობარს, შემდეგ კი მასთან შესახვედრად ზუგდიდიდან მანქანით წავიდა. ხოლო როდესაც მეგობარმა მას ხელმეორედ დაურეკა, სმისლოვს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. “ვიცით, რომ თან ჰქონდა საკრედიტო ბარათი, თუმცა ზედ რამდენი თანხა იყო, არ ვიცით”, – უთხრა ვიქტორია სევდაკოვამ რ2-ს.

კომპანია “ეპტისას” პროექტების მენეჯერის, ალბერტო დევალოს თქმით, გაუჩინარებული სმისლოვი 3 წლის განმავლობაში ხშირად დადიოდა იმ გზაზე, საიდანაც გაუჩინარდა და “ყველა მოსახვევს კარგად იცნობდა”.

შსს-ში “ნეტგაზეთს” გამოძიების დეტალები არ გააცნეს, თუმცა, მედიის ცნობით, პოლიციას არც სერგეი სმისლოვის და არც მისი მანქანის კვალისათვის არ მიუგნია. ვიქტორია სევდაკოვას თქმით, იგი მესტია-ზუგდიდის გზაზე, სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთთან  ახლოს გაუჩინარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი