ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე კენჭს დამოუკიდებლად იყრის

20 ივლისი, 2016 • 2560
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე კენჭს დამოუკიდებლად იყრის

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული წესით კენჭს მთაწმინდაზე იყრის. როგორც ზურაბიშვილმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა, ის კენჭს დამოუკიდებლად იყრის:

“მე ვიყრი კენჭს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მთაწმინდის ოლქში და ვაპირებ, რომ როგორც დამოუკიდებელმა და თავისუფალმა დეპუტატმ, სრული მონაწილეობა მივიღო საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში. იმედი მაქვს, რომ ჩემი საქმე წაადგება პარლამენტს და საქართველოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყრის კენჭს მარტო და არა რომელიმე პარტიის ქოლგის ქვეშ, ზურაბიშვილი აცხადებს:

“საქართველოში პოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები პარტიიდან პარტიაში გადადიან. ამას უკვე აღარ აქვს არანაირი დატვირთვა. მე შევქმენი პოლიტიკური პარტია “საქართველოს გზა”, რომლის ორიენტაციისა და მრწამსის ერთგული დღესაც ვარ. სამწუხაროდ, არ გამაჩნდა რესურსები. დაფინანსება შეწყვეტილი იყო, როდესაც მე აქ დავბრუნდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სხვა პარტიაში უნდა გადავსულიყავი”.

ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა “ქართული ოცნების” სახელით ეყარა კენჭი, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. მისი თქმით, ამ კუთხით რაიმე შემოთავაზება არ ყოფილა, “რაც ბუნებრვია, რადგან იგი დამოუკიდებელი პოლიტიკოსია, რომელსაც თეორიულად თავისი პარტია აქვს”. ზურაბიშვილის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრა და სხვადასხვა საკითხზე საუბარი გიორგი კვირიკაშვილთან და მომავალში არც თემატურ თანამშრომლობას გამორიცხავს გაკრვეული მიმართლებებით, “თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც შემოთავაზება იყო, მე უარი ვთქვი და ა.შ.”.

რაც შეეხება იმას, თუ რა ფულით დაფინანსდება ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, ყველა იმ ადამიანისაგან, ვინც მას პოლიტიკაში გააქტიურებისაკენ მოუწოდებდა, ელოდება “ერთი კოლოფი სიგარეტის ღირებულების თანხის გადარიცხვას საარჩევნო ფონდში”. მისივე თქმით, ეს ფონდი მომდევნო კვირას დაფუძნდება.

ზურაბიშვილის თქმით, ის გეგმავს კონსულტაციებს საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან საქართველოში: “რადგან ის, რასაც მე წარმოვადგენ და ის საქმე, რისის გაკეთებაც მე მინდა პარლამენტში, ყველაზე უფრო ხელსაყრელი პატარა ბიზნესისა და ინოვატორებისთვის უნდა იყოს”. ზურაბიშვილმა პარლამენტში მისი სამომავლო მუშაობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრნატების პრობლემები დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი