ახალი ამბები

მთაწმინდაზე ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ ნიკა რურუა იქნება

20 ივლისი, 2016 • 2312
მთაწმინდაზე ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ ნიკა რურუა იქნება

მთაწმინდაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა იქნება. ამ ინფორმაციას არც რურუა  და არც პარტიაში არ უარყოფენ, თუმცა ჯერ ბოლომდე არ ადასტურებენ:

“როდესაც კანდიდატს წარადგენენ, მაშინ ოფიციალურად გვექნება ეს განცხადება. წინასწარ განცხადებებს არ ვაკეთებთ ხოლმე”, – გვითხრა ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა.

ეს არის ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის საჯარო პოსტი, რომლის ერთ-ერთი ფოტო ფეისბუკზე ნიკა რურუასაც აქვს გაზიარებული.

“ყველაფერი თავის დროზე. ჯერ ადრეა”, – განგვიცხადა ნიკა რურუამ. ნეტგაზეთის კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს პასუხი იმას, რომ ვერ დაგვიდასტურებს ინფორმაციას მისი მაჟორიტარობის კანდიდატობის შესახებ, იგი ასე პასუხობს:

“ვერ დაგიდასტურებთ – არა, თავის დროზე გაიგებთ ყველაფერს, აი, ამას გეუბნებით”, – აცხადებს რურუა.

2012 წლის სახელისუფლებო ცვლილების შემდეგ რურუამ თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” დააფუძნა, რომელიც სხვადასხვა სახის აქტივობებს [ძირითადად ანალიტიკურს] ახორციელებდა. ერთი პერიოდი საუბარი იყო მოძრაობის პოლიტიკურ სუბიექტად გარდაქმნისა და არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ, რაც საბოლოოდ ვერ მოხერხდა. ცოტა ხნის წინ, როდესაც ფეისბუკის ერთ-ერთ მომხარებელზე დაყრდნობით ნიკა რურუას წინააღმდეგ ბრალდება გავრცელდა იმის შესახებ, რომ კულტურის ექსმინისტრმა ტაშკენტის ქუჩაზე მამაკაცს სცემა [ვრცლად ამ საქმის და რურუას პასუხის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ], ენმ-ში გვითხრეს, რომ რურუა პარტიის წევრი არ იყო. დღეს სერგო რატიანი ამბობს, რომ პარტიის წევრობას მაჟორიტარობის კანდიდატობასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა არ აქვს:

 

“პარტიის წევრი შეიძლება არ იყოს. მეც არ ვიყავი პარტიის წევრი 2012 წელს. ნიკა რურუა იყო მინისტრი, შემდეგ ის ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას და ყოველთვის ჩვენი თანამოაზრე იყო”, – გვითხრა რატიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი