ახალი ამბები

აშშ საქართველოში შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამას იწყებს

20 ივლისი, 2016 • 1577
აშშ საქართველოში შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამას იწყებს

თავაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პენტაგონში შეხვედრები დაიწყო.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვა და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულების დაწყებაა.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში მხარეებმა მომავალი სამი წლის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე იმსჯელეს, რომელსაც, მემორანდუმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განახორციელებს.

“ამერიკული მხარისგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენი ამოცანის განხორციელებაში, რომ ქართული შეიარაღებული ძალები ამ პროგრამის შედეგად იყოს სრულ მზადყოფნაში საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების განსახორციელებლად. პირველად ხდება, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გვეხმარება არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებსა თუ ნატოს ოპერაციებში, არამედ იმაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. როდესაც ვთქვით, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნებოდა უფრო ძლიერი, ეს არის, სწორედ ამ სიძლიერის კიდევ ერთი გამოვლინება,” – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის სისტემაში ყველა მიმართულებით ინსტიტუციური ცვლილებები იგეგმება:

“პირადი შემადგენლობიდან დაწყებული ლოგისტიკური საკითხებითა და რესურსების მართვით დამთავრებული. ეს პროგრამა მოგვცემს საშუალებას, რომ შეიარაღებული ძალები უფრო მაღალ დონეზე მოვამზადოთ, ავამაღლოთ მზადყოფნა და ქვედანაყოფების შესაძლებლობა, აწარმოონ თავდაცვითი ოპერაციები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა ომარ ბეგოიძემ.

სამინისტროს ცნობით, ახალი პროგრამის ფარგლებში სექტემბერში საქართველოში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა და ქართულ მხარესთან ერთად აღნიშნული პროგრამის განხორციელების გეგმაზე მუშაობას დაიწყებს. პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებების შესრულება მომავალი წლიდან დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი