ახალი ამბები

კონდიციონერების გამორთვისთვის მიკროავტობუსების 66 მძღოლს 10 დღით მუშაობა აეკრძალა

20 ივლისი, 2016 • 1440
კონდიციონერების გამორთვისთვის მიკროავტობუსების 66 მძღოლს 10 დღით მუშაობა აეკრძალა

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსებისა” და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მიკროავტობუსების 66 მძღოლი “შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს”. ამის გამო, კომპანიის ცნობით, მათ ათი დღით აეკრძალათ მუშაობა.

ამას გარდა, “თბილისის მიკროავტობუსების” პრესსამსახურის ცნობით, კომპანიის 2500 მიკროავტობუსიდან 70-ში კონდიცირების სისტემა გაფუჭებული აღმოჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” კომპანიაში უთხრეს, მათ შეკეთებას “მაქსიმუმ 2-3 დღე დასჭირდება”.

“უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და [“ურჩ მძღოლებს”] ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა”, – აცხადებს კომპანია. კომპანიის თქმით, მათ სხვა მძღოლები ჩაანაცვლებენ.

კომპანია ამბობს, რომ ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება.

თბილისის მერიამ 2016 წლის 18 ივლისს მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგი დაიწყო. კომპანია “თბილისის მიკროავტობუსების” თქმით, “ურჩი მძღოლების” მიმართ, ვინც კონდიციონერს არ ჩართავს, სანქციები გატარდება. მძღოლების ნაწილი კი ჩივის, რომ კონდიციონერის ჩართვა რისკებთან და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელსაც მათ არავინ უნაზღაურებს.

წაიკითხეთ: რატომ არ რთავენ თბილისში მიკროავტობუსების მძღოლები კონდიციონერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი