ახალი ამბებისაზოგადოება

NCDC არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების კვლევას იწყებს

20 ივლისი, 2016 • 2122
NCDC არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების კვლევას იწყებს

21 ივლისიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორების კვლევას იწყებს. კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიით ჩატარდება და სხვა ქვეყნების მონაცემებთან შესაბამისობაში იქნება. მასში მონაწილეობას შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 18-69 წლის 6000-მდე მოქალაქე მიიღებს. კვლევის შედეგებს კი ცენტრი ნოემბერში გააცნობს საზოგადოებას.

რისკფაქტორთა კვლევის პროცესი სამ ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე სოციალურ-დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად შეგროვდება ინფორმაცია ქცევით რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა. მეორე ეტაპზე კვლევის ობიექტს ჩაუტარდება ფიზიკური გაზომვები (სიმაღლე, წონა, წელისა და თეძოს გარშემოწერილობა, სისხლის წნევა, პულსი). მესამე ეტაპზე კი ხდება ბიოლოიური რისკფაქტორების შესწავლა, რათა გაიზომოს სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის, მარილის და სხვა მაჩვენებლები.

“ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აპრობირებული ე.წ. STEP კვლევა, რომელიც ადგენს, რამდენად არის გავრცელებული არაგადამდები დაავადებების რისკფაქტორები მოსახლეობაში. რისკფაქტორებს მიეკუთვნება მაღალი არტერიული წნევა, მომატებული წონა, ალკოჰოლისა და თამბაქოს დიდი დოზით მოხმარება, მარილის მომატებულად მოხმარება და ა.შ. კველვა იძლევა საშუალებას, რომ შევადაროთ ახალი შედეგები ძველს და დინამიკაში ვნახოთ, როგორ იცვლება არაგადამდები დაავადებების მხრივ მდგომარეობა,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი ამირან გამყრელიძე.

კვლევა პირველად 2010 წელს ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა. ამჯერად მას ფინანსურ მხარაჭერად თავად ეროვნული ცენტრი გაუწევს.  მონაწილეებს გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.

ქრონილულ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანა მებონია ამბობს, რომ კვლევის შეჯამების საფუძველზე დაიგეგმება სხვადახვა პროგრამა მოსახლებაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

“მაგალითად, წინა კვლევაში ჰიპერტენზიის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჰიპერტენზიის მქონე მოქალაქეებიდან 30%-მა კი არ იცის საკუთარი წნევის შესახებ. არ იცის, რას ნიშნავს ნორმალური წნევა და როგორ უნდა მართოს ის. სწორედ ამიტომ, დაიგეგმება პრევენციული ღონისძიებები იქიდან გამომდინარე, თუ რომელი რისკფაქტორი იქნება წამყვანი,” – ამბობს ნანა მებონია.

როგორც ცენტრში აცხადებენ, გულსისძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ტრავმა – მსგავსი არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ავადობის ტვირთის მზარდი ტენდენცია საქართველოსათვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. ამიტომ დაავადებათა ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ კვლევაში მოხვედრის შემთხვევაში მაქსიმალურად ითანამშრომლონ მათთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი