ახალი ამბები

საქართველოს პრემიერი ანკარაში თურქ კოლეგას შეხვდა

19 ივლისი, 2016 • 1185
საქართველოს პრემიერი ანკარაში თურქ კოლეგას შეხვდა

ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის შეხვედრის მთავარი თემები. ამ ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა თურქეთში განვითარებული მოვლენების შეფასებით დაიწყო.

“გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და თურქი ხალხისადმი. მისი განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთში სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თურქეთის სტაბილურობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის და საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების აუცილებლობა და თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტი გაზრდის პერსპექტივები. საუბარი შეეხო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ერთობლივ პროექტებს”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეაფასეს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების საკითხების განხილვას და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი