ახალი ამბები

MDF ცესკოს და GNCC-ს მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, ვიდეორგოლი შეისწავლოს

19 ივლისი, 2016 • 1633
MDF ცესკოს და GNCC-ს მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, ვიდეორგოლი შეისწავლოს

მედიის განვითარების ფონდი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას 2016 წლის 16-17 ივლისს ტელეკომპანიების- რუსთავი 2-ის, იმედისა და მაესტროს ეთერში განთავსებული ვიდეორგოლის საარჩევნო და მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის თხოვნით მიმართავს.

სადავო ვიდეორგოლს, რომელიც ტელევიზიებში ფინანსთა სამინისტროს მიერ განთავსდა, მინიჭებული აქვს სოციალური რეკლამის სტატუსი. მედიის განვითარების ფონდის აზრით, ვიდეორგოლი, რომელიც ქვეყნის სწრაფი განვითარებისაკენ მიმართული ეკონომიკური რეფორმის ოთხპუნქტიან მთავრობის გეგმას შეეხება, პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავს და მმართველი გუნდის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ატარებს.  ორგანიზაციის განცხადებით, რგოლი შეიცავს საქართველოს მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმების შესახებ დებულებებს, რაც მთავრობის ქმედებების პოპულარიზაციას ახდენს და რეალურად პოლიტიკური რეკლამის სახეს ატარებს.

“ვიდეორგოლი ეწინააღმდეგება სოციალური რეკლამის დეფინიციას, რომელიც მაუწყებელთა კანონშია მოცემული, რადგან ახდენს მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირებას, რაც იმპერატიულად გამორიცხულია სოციალური რეკლამის კანონისეულ განმარტებაში,”- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისგან მკაფიოდ გამიჯვნა და გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება, მედიის განვითარების ფონდის აზრით, მნიშვნელოვანია:

  • უწყებათაშორისმა კომისიამ შეიმუშაოს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისა და სხვა საჯარო უწყებებისადმი, რაც წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში ისეთი შინაარსის რეკლამის განთავსებას შეზღუდავს, რომელიც მოქალაქეებისათვის გარკვეული სერვისების მიწოდების ნაცვლად, ხელისუფლების საქმიანობის პოპულარიზაციას ახდენს და პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს ატარებს;
  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ვიდეორგოლის წინასაარჩევნოდ ეთერში განთავსება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მიიღოს შესაბამისი ზომები;
  • კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეისწავლოს, რამდენად წარმოადგენს აღნიშნული ვიდეორგოლი სოციალურ რეკლამას.

ამასთანავე, ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის  ის სტანდარტი, რომელიც ამ ინსტიტუტმა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დაადგინა, როცა წინაასარჩევნო პერიოდში შეზღუდა ეთერში ისეთი ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და საარჩევნო რეკლამად აღქმის საფუძველს იძლეოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი