ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის გაცემის პროცესი განახლდება

19 ივლისი, 2016 • 1232
აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის გაცემის პროცესი განახლდება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა აფხაზეთში ჟურნალისტებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც, აფხაზეთის ოფიციალური საინფორმაციო გამოცემა აპსნიპრესის ცნობით, 2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამაზე ისაუბრეს.

ხაჯიმბამ განაცხადა, რომ პროგრამის რეალიზაციის პროცესში პრობლემა წარმოიშვა, კერძოდ, დოკუმენტაციის კუთხით და, შესაბამისად, რუსეთის მიერ აფხაზეთის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის [ჯანდაცვა, სამშენებლო სამუშაოები, სოხუმი-ოჩამჩირის გზა, რომელიც 2016 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს] გათვალისწინებული ფულის ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა.

“არსებობს პრობლემები, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გადავჭერით. ეს საკითხები დაკავშირებულია საპროექტო დოკუმენტაციასთან, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მზად. თუმცა რუსული მხარე მზადაა დაგვეხმაროს, რომ პროგრამის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს”.

ხაჯიმბას თქმით, მიმდინარე წელს აუთვისებელი ფული შემდეგი წლისთვის დაიხარჯება.

ვლადისლავ სურკოვის თქმით, ინვესტიციის პროგრამით აფხაზეთისთვის წელს 4,7 მილიარდი რუბლია გათვალისწინებული. მისი დიდი ნაწილის ათვისება მიმდინარე წელსვე მოხდება, ნაშთის კი- 2017 წელს.

სურკოვის განცხადებითვე, მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებების უმრავლესობა ხელმოწერილია, ნაწილი კი შემუშავების პროესშია: “პროგრესი თვალსაჩინოა. უსაფრთხოების ნაწილში დიდი ხანია პირველი შეთანხმება ხელმოწერილია თავდაცვის სამინისტროსთან. შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც დიდი ხნის წინ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ. პენსიები გაიცემა, უახლოეს მომავალში საბიუჯეტო შტატის თანამშრომლებისთვის დანამატების გაცემა დაიწყება”.

ხაჯიმბას განცხადებით, შემოდგომით განახლდება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის გაცემის პროცესი. “მე ვესაუბრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, რომელსაც მიმართა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა. რამდემდენდაც ჩემთვის ცნობილია, პროცესი დაწყებულია. საქმე შეეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება”.

რაულ ხაჯიმბა, ვლადისლავ სურკოვი; 2016; ფოტო: აპსნიპრესი

რაულ ხაჯიმბა, ვლადისლავ სურკოვი; 2016; ფოტო: აპსნიპრესი

მასალების გადაბეჭდვის წესი