ახალი ამბებისაზოგადოება

განათლების მინისტრი: კარგ სკოლებში მასწავლებელს მოაქვს ჭიქა, მოსწავლეს – ქვაბი, დირექტორს კოლბა

19 ივლისი, 2016 • 3728
განათლების მინისტრი: კარგ სკოლებში მასწავლებელს მოაქვს ჭიქა, მოსწავლეს – ქვაბი, დირექტორს კოლბა

“კარგ სკოლებში მასწავლებელს მოაქვს ჭიქა, მოსწავლეს – ქვაბი, დირექტორს კოლბა და აქვთ ლაბორატორია,” – ამბობს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. “ბათუმელებთან” მან განათლების დაბალი ხარისხის მიზეზებსა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრა:

ბატონო მინისტრო, თქვენი ბოლო განცხადება შეეხებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ვალდებულებას – ვიდეოგაკვეთილს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამ გადაწყვეტილებას აქვს კონკრეტული საფუძველი?

შეფასების სისტემა, რომელიც იწვევს პროტესტს, შეფასების სისტემა აღარ არის. შეფასების სისტემა ვინმეს შესაფასებელი, დასატოვებელი ან გასაშვები ინსტრუმენტი არ არის, ეს არის განვითარების მეთოდი. როცა ადამიანს პროფესიული ცოდნის შემოწმების ისეთ მეთოდს შესთავაზებ, რომელიც მას ჰგონია, რომ არასწორია, ეს იწვევს სერიოზულ პრობლემას. მასწავლებლების 80 პროცენტი ამბობდა, რომ აზრი არ აქვს. თუმცა ზოგი ამბობს, რომ ძალიან კარგია. თანაც კამერასთან მუშაობა ყველას არ შეუძლია. ამიტომ, არ ვაუქმებთ, მთავარია ალტერნატივა გავაჩინოთ.

რა იქნება, თქვენი აზრით, უკეთესი ალტერნატივა?

ეს ვიდეოგაკვეთილი მოფიქრებული იყო როგორც გარე შეფასების მეთოდი. გარეშეფასების მეთოდი შეიძლება იყოს სხვა სკოლის მასწავლებლის დასწრება.

პედაგოგის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემა დაგხვდათ შემუშავებული, ხომ არ აპირებთ რაიმე არსებითი ცვლილებები შეიტანოთ ამ სქემაში და რატომ, რა პრინციპებს უნდა ემყარებოდეს კარიერული ზრდა?

აუცილებლად ვაპირებ. ნებისმიერი შეფასების სქემა სულ იცვლება. იმიტომ, რომ ამოცანები იცვლება, გარემოებები, ტექნოლოგიები იცვლება. სქემა აუცილებელია, ოღონდ ის შეიცვლება წელიწადში ათჯერ.

რა არ მოგწონთ ამ სქემაში?

მოუქნელობა არ მომწონს და ცოტაა. სქემა ფაქტობრივად არის განვითარების მენიუ. მასწავლებელს ვეუბნებით, რომ შენ მხოლოდ ხუთი რამ გავითარებს, გამოცდას თუ ჩააბარებ, კონფერენციაში თუ მიიღებ მონაწილეობას და ა.შ ამიტომ, ეს მენიუ უნდა გამდიდრდეს. მთავარი, რაც მე არ მომწონს, არის ის, რომ, ვთქვათ, მასწავლებელმა წაიყვანა ბავშვები და დაეხმარნენ გაჭირვებულ მოხუცს. კარგია თუ ცუდი? თუ კარგია, მაშინ ქულა უნდა დავუწეროთ ამაში. თუ რაიმე მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებაში, არჩევნები ან რაიმე სხვა, მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ დარჩეს გაკვეთილების შემდეგ და ელაპარაკოს ბავშვებს საარჩევნო საკითხებზე, უნდა მივცეთ ამაში ქულა.

პედაგოგების აქტივობები ხომ ისედაც განსაზღვრულია სქემით, ვინ ზღუდავს ამაში. თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა აქტივობა კრედიტქულით უნდა შეფასდეს?

აუცილებლად. გამოდის, რომ ნაწილ სასარგებლო შრომაში ვუხდით კრედიტებს, ნაწილში – არა. მე კი ვფიქრობ, რომ ეს უნდა განვითარდეს.

თვითშეფასების კითხვარზე რას ფიქრობთ, ესეც ზედმეტია?

თვითშეფასების კითხვარი არის ძალიან ცენტრალური და ამის დასაყრდენი, თუმცა ამასაც სჭირდება განვითარება, ფორმა უნდა დაიხვეწოს.

განათლების სისტემაში ბოლო 10-12 წელია იყო არაერთი ცვლილება, თუმცა როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები, ასევე საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, არც ერთ რეფორმას არ მოუხდენია ცვლილება განათლების ხარისხზე. თქვენი აზრით, რა უნდა იყოს ძირეული ცვლილება, რომ ამაღლდეს განათლების ხარისხი?

ყველაფერი იცვლება და ყველაფერი იხვეწება, ზოგიერთი რეფორმა არის რევოლუციური და თამამი, ზოგი – ნაკლებად. ეროვნული გამოცდები იცვლება ყოველწლიურად, წელსაც ცვლილება შევიდა ელექტრონული ნაწილის სახით, ყველა ასპექტში, რაც არ უნდა ავიღოთ განათლების სისტემაში, დაწყებული სკოლამდელი განათლებით, დამთავრებული – მეცნიერებით, რაღაც იცვლება. ავიღოთ ინკლუზიური განათლება თუნდაც, სადღაც 20 ათას შშმ პირს მიეცა შესაძლებლობა, რომ სწავლა გაეგრძელებინათ. ეს რატომ არ არის რეფორმა?

საქართველოში ადამიანები მზად არიან განათლებაში გადაიხადონ ფული და ამაზე მოწმობს რეპეტიტორის ინსტიტუტიც. იმის მიუხედავად, რომ მუდმივად საუბარია პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც, საბოლოოდ, განათლების ხარისხი მაინც დაბალია და ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. რატომ არ არის განათლების ხარისხი განათლებაში დახარჯული ფულის შესაბამისი?

არც ერთი ის პირი, ვინც დაბალ ხარისხზე საუბრობს, არ დაინტერესებულა დემოგრაფიით. ჩვენ გავნახევრდით, 90-იანი წლებიდან დაიწყო შობადობის შემცირება, დღეს 35 წლის ადამიანები არიან ორჯერ მეტი, ვიდრე 25 წლის ადამიანები. შესაბამისად, მოთხოვნა განათლების სისტემაზე ორჯერ შემცირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უმაღლესმაც და სკოლამაც თამასა დაწიეს, თორემ დაცარიელდებოდნენ.

ანუ შობადობის სტატისტიკამ განაპირობა დაბალი ხარისხი?

კი, სტატისტიკა განაპირობებს ხარისხს. ეს არის ფაქტი, ჩვენ რა უნდა ვქნათ. ამბობენ, რომ 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა გაუტოლდება 1990 წლის დონეს, მერე სიტუაცია დაიწყებს გაუმჯობესებას, ოღონდ მანამდე გვაქვს ოცი წელი.

ანუ 20 წლის განმავლობაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე არ უნდა ვისაუბროთ?

უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რა პირობებში ვსაუბრობთ. გამოსავალი ამისთვის შეიძლება იყოს უცხოელი სტუდენტების გაზრდა და ეს პროცესი მიმდინარეობს.

და როგორ უნდა დავაინტერესოთ უცხოელი, როცა რეიტინგი არ აქვს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს?

ინდოეთის უმაღლეს სასწავლებლებლთან შედარებით გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს. ირანელზე, თურქზე, ყაზახზეა საუბარი, სადაც პოზიციები გვაქვს მაღალი და გვექნება. მეორე გამოსავალი არის ის, რომ თამასა უნდა ავწიოთ. ჩვენ შევქმენით მოლოდინი, რომ ყველას მივიღებდით უმაღლესში, რახან ბევრი ადგილი ცარიელი დარჩა. ფიზიკურად არ ჰყოფნის ეს ბავშვები ამ ადგილებს.

ფიზიკურად არ ჰყოფნის თუ ინტერესი არ არის ცალკეული სპეციალობების მიმართ?

არ დაიბადნენ.

არ დაიბადნენ თუ გარკვეული პროფესიები გახდა ნაკლებად საინტერესო. რა პროფესიაც რეიტინგულია ბაზარზე, იმაზე ხომ არის მოთხოვნა?

არა, ეს ნამდვილად შობადობასთან არის კავშირში. სადაც მაღალი კონკურსია, იქ ადგილების შევსების პრობლემა არ აქვთ. ასე რომ ერთი გამოსავალია ადგილების შევსება და მეორე – სწავლის მეთოდების შეცვლა, რადგან დღევანდელი სწავლის მეთოდები ისეთია, რომ ბავშვებს არ უნდათ სკოლაში. სწავლის მეთოდები აღარ შეეფერება დროს.

სკოლები არ არის აღჭურვილი ლაბორატორიებით, საბუნებისმეტყველო საგნებს პრაქტიკის გარეშე ასწავლიან, გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ სკოლა ვერ ავითარებს აზროვნებას, რადგან დისკუსია ნაკლებია სკოლაში და ეს არის სისტემის პრობლემა და არა მოსწავლეების.

დიახ, პრობლემა არის, მაგრამ უფრო მოსწავლეების და რატომ. მე ვსწავლობდი საბჭოთა სკოლაში, იქ იყო ლაბორატორია, მაგრამ გვეუბნებოდნენ: “არ შეხვიდეთ, ხელი არ ახლოთო”. ლაბორატორია ვერ მოვა და ბავშვს ვერ ასწავლის, ბავშვს ასწავლის მასწავლებელი და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უნდა სწავლა.

თუ არ ასწავლის სათანადოდ მასწავლებელი და არ იხარჯება შესაბამისად გაკვეთილზე?

ბავშვებს სწავლა რომ უნდოდეთ, Youtube-ზე ნახავდნენ ცდებს და ისწავლიდნენ.

სკოლამ ხომ უნდა შეასრულოს ამ მხრივ თავისი როლი?

კარგ სკოლებში მასწავლებელს მოაქვს ჭიქა, მოსწავლეს – ქვაბი, დირექტორს კოლბა და აქვთ ლაბორატორია.

მოდი ასე ვთქვათ, პედაგოგების პრობლემაა?

არა, მოსწავლეების პრობლემაა. ბავშვს თუ არ უნდა სწავლა, პედაგოგობა რთულია.

არ ფიქრობთ, რომ კარგი მასწავლებელი აუცილებლად გააჩენს ინტერესს?

არა. წარმოიდგინეთ, მე რომ გასწავლოთ ქვემო ხუნწური ენა, გაგიჩენთ ინტერესს? ვერა, იმიტომ, რომ არაფერში გჭირდებათ. წარმოიდგინეთ, რომ “გუგლთან” გაქვს წვდომა და ვიღაც გამახსოვრებინებს ქვეყნების ქალაქებს.

ის, რომ პრაქტიკა და თეორია ერთმანეთს არ მოწყდეს, ეს ხომ პედაგოგის კომპეტენციაზე და მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული?

თქვენ ფიქრობთ პედაგოგი წყვეტს რა ასწავლოს? ეროვნული სასწავლო გეგმა პირდაპირ ეუბნება რომელ საათში რა უნდა ასწავლოს. ყველა კარგი პედაგოგი არღვევს წესს და ისე ასწავლის. ამიტომ ეროვნული სასწავლო გეგმაც უნდა შეიცვალოს.თუმცა, რისი თქმა მინდა იცით, ეროვნული სასწავლო გეგმა რომ შევცლაო ხვალ, ზეგ ლაბორატორია რომ ყველგან შევიტანო, მაზეგ ხელფასები მოვუმატო, ბავშვებს თუ არ უნდათ იმის სწავლა, რასაც ასწავლიან, არ ისწავლიან. ანუ ის მოსაზრება, რომ თუ ჩვენ კარგი მარკეტინგი გვექნება, ყველა ბავშვს შეუყვარდება ბროკოლი, არის სულელური მოსაზრება. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც 21-ე საუკუნის ბავშვი იქნება მოტივირებული, რომ ისწავლოს და გავარკვიოთ რა სჭირდება ამ ბავშვს. სჭირდება “შუშანიკის წამების” საზეპიროები თუ არ სჭირდება. საზეპირო რატომ გვჭირდება? იმიტომ რომ გვივარჯიშებენ მეხსიერებას. რატომ გვივარჯიშებენ? იმიტომ რომ ბევრი რამე დაიმახსოვრო. ახლა თქვენ ბევრი რამე დამახსოვრებული გაქვთ თუ ჩაწერილი გაქვთ და „დაგუგლული“? იცით რაა, მეხსიერება გადის სცენიდან.

საატესტატო ან ეროვნულ გამოცდაზე “გუგლის” ხომ ვერ შეიტანს მოსწავლე, თუ არ დაიმახსოვრა, ვერც ჩააბარებს.

ჰარვარდი და კემბრიჯი რომ მოგვწონს, იქ “გუგლი” შეაქვთ გამოცდაზე, რადგან ამოწმებენ არა მეხსიერებას, არამედ აზროვნებას, შენი გონება როგორ მუშაობს.

ანუ ქართველ მოსწავლეებს ექნებათ იმის შესაძლებლობა რომ გამოცდაზე “გუგლი” გახსნან და გამოიყენონ ეროვნულ გამოცდებზე?

აუცილებლად ექნებათ. როგორც კი ეგეთი სწავლების სისტემა გაგვიხდება. ჩვენთან პრობლემაა ის, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გვიწერია სხვა რამე და გამოცდაზე ვითხოვთ სხვა რამეს.

ბოლო დროს საუბარი მიდის იმაზე, რომ შესაძლოა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები და აბიტურიენტების
ჩარიცხვა უმაღლესში მოხდეს საატესტატო შედეგების მიხედვით, თქვენ რას ფიქრობთ ამ მეთოდზე?

უცხოეთში, კერძოდ, ამერიკაშია ეს სისტემა, მაგრამ ცოტა განსხვავებული, რადგან იქ “ჰაისქულ” არის ადგილი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. წესით, ჩვენ ფეხბურთელს, მუსიკოსს, ფილოლოგს, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ არ დასჭირდეს ვიეტას თეორემა, ისე მიიღოს ატესტატი, ახლა ეს გზა არ გვაქვს და ამ ბავშვზე გვიწევს რესურსის ხარჯვა. ამერიკაში სასკოლო პროგრამა არის გამარტივებული და იმდენ ისტორიას და მათემატიკას ასწავლიან, რამდენიც ყველას სჭირდება, ჟურნალისტსაც და ფიზიკოსსაც, შემდეგ კი კოლეჯი, რისი ფუნქციაც ჩვენთან რეპეტიტორებმა აიღეს, უკვე ინტენსიურად ამზადებს უმაღლესისთვის. ბავშვი ჯერ სწავლობს ბაღში, შემდეგ “პრესქულში”, შემდეგ დაწყებით სკოლაში, საშუალოში, შემდეგ კოლეჯში და უნივერსიტეტში. კოლეჯი კი არის სკოლასა და უნივერსიტეტს შორის.

გამოგვივა ეს სისტემა საქართველოში და რამდენ ხანში?

მე ვფიქრობ უკვე გამოსული გვაქვს. უბრალოდ კოლეჯებს ჩვენს ენაზე რეპეტიტორები ქვია.

აქ სოციალურ ფაქტორთან მივდივართ, რადგან რეპეტიტორთან ემზადება ის, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, თანაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ამერიკულ განათლების სისტემაში მოსწავლეს არ უწევს იმის სწავლამ რაც მას არ სჭირდება მომავალ პროფესიაში.

სკოლა უნდა დამთავრდეს იქ, სადაც იწყება მზადება უმაღლესისთვის. ჩავთვალოთ, რომ მე-10 კლასში სკოლა დამთავრდა, ატესტატი გავეცით, თუმცა მოსწავლეებმა იციან, რომ ამ ცოდნით უმაღლესში ვერ ჩააბარებენ, ამიტომ უმაღლესში სწავლისთვის უნდა წავიდეს კოლეჯში, ანუ ის ორი წელი, მე-11, მე-12 კლასში რასაც სწავლობენ, უნდა მოემზადონ უმაღლესისთვის. ასეა გერმანიაში, ბრიტანეთში, აშშ-ი. სპეციალისტებთან უნდა ვიმუშაობთ, ისინი ჩამოაყალიბებენ და ისე უნდა გავაკეთოთ.

როგორ ფიქრობთ, დღევანდელი სკოლა გათავისუფლებულია საბჭოთა აზროვნებისგან?

რა თქმა უნდა, არა. არა მარტო სკოლა, საზოგადოებაც. კრიტიკული აზროვნება არც საბჭოთა დროს ყოფილა სკოლებში და არც ახლაა. თუმცა, ეს აზროვნება იცვლება ნელ-ნელა. ნებისმიერ მასწავლებელს მოუწევს, რომ აყვეს ბავშვებს, რადგან ისინი უკვე იღებენ ალტერნატიულ ინფორმაციას ინტერნეტიდან და გამზადებულ პასუხებს ვეღარ მიუტან.

თქვენ მასწავლებლებს ბოდიში მოუხადეთ იმის გამო, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან მათი დისკრედიტაცია ხდება. ეს იყო წინასაარჩევნო ჟესტი პედაგოგების მიმართ, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობთ ასე?

წინასაარჩევნო ჟესტი იყო თუ არა, ამას გავიგებთ არჩევნების მეორე დღეს, როცა გავაგრძელებ იმავეს თქმას. რატომ ვუხდი ბოდიშს და რატომ ვაპირებ ძალიან მალე მათთან შეხვედრას? არსებობს ცუდი მასწავლებელი, ცუდი მინისტრი, ცუდი ექიმი, მაგრამ ამის გამო თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მთელ პროფესიას ხაზი გადაუსვას, ვიღაცები დაიჩაგრებიან. ვფიქრობ, ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მასწავლებლებიც, რომლებიც მიაყოლეს ხელს. ჩვენ თუ გვინდა რომელიმე ქვეყანა დავაქციოთ, მასწავლებელი და პოლიციელი უნდა შევაჯავროთ. მასწავლებლებს აქვთ პრობლემები და აქვთ რთული ამოცანებიც, ბევრ რამეში ისეთში ვცდით მასწავლებლებს, რაც არ გვისწავლებია, მაგრამ ამ ხალხმა უხელფასოდ, უყველაფროდ გადაარჩინა ეს სისტემა.

თქვენ ფაქტობრივად არჩევნებამდე იქნებით მინისტრი, საკმარისია ეს დრო იმისთვის რომ ახალი მთავრობის ნდობა დაიმსახუროთ და შეინარჩუნოთ ეს პოსტი?

წინა მთავრობის დროს იყო შემოთავაზებები სხვადსხვა თანამდებობაზე და მე სურვილი არ მქონდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი იქნება იგივე პოლიტიკური გუნდი, იგივე პრემიერ-მინისტრი მეც ვიქნები მათთან ერთად, თუ არ იქნება ეს გუნდი და პრემიერ-მინისტრი, რომც მოინდომონ მათთან ერთად არცერთ შემთხვევაში არ ვიქნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი