ახალი ამბები

ადრეული განათლების რეფორმა პედაგოგთა გადამზადების პროგრამით იწყება

18 ივლისი, 2016 • 5763
ადრეული განათლების რეფორმა პედაგოგთა გადამზადების პროგრამით იწყება

ადრეული განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა უკვე განხორციელების ფაზაში გადადის. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში გასულ თვეს შევიდა და, როგორც მისი ავტორები აცხადებენ, კანონი რამდენიმე ეტაპად ამოქმედდება. პირველი ფაზა კი 2017 წლის 1 აპრილს დასრულდება. ამ პერიოდში დაგეგმილია ბაგა-ბაღების აღმზრდელების გადამზადება, რომლებიც დაიბრუნებენ პედაგოგის სტატუსს და განათლების კომპონენტს კიდევ უფრო გააძლიერებენ აღმზრდელობით პროცესში. ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დაევალებათ მოამზადონ 6-თვიანი სამოქმედო გეგმა ამ კუთხით.

კანონის შემუშავებაში, საქართველოს პარლამენტთან ერთად, იუნისეფი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ბაგა-ბაღების სააგენტო და თბილისის მერია იყვნენ ჩართული. 18 ივლისს გამართულ კონფერენციაზე მათმა წარმოამდგენლებმა რეფორმის პირველადი შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს საზოგადოებას.

კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ითვალისწინებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში 5 წლის ბავშვებისათვის მოსამზადებელ წელს, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმის შექმნას და განათლების, ჰიგიენისა და სანიატარიის, კვების, ფიზიკური გარემოს საერთო ეროვნული სტანდარტების შემუშავებას.

კანონის წარმატებულად ამუშავებისათვის პირველი გამოწვევა პედაგოგთა მოსამზადებლად სპეციალური ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებაა, ვიდრე ისინი პროფესიული საქმიანობას შეუდგებიან. როგორც კანონის ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, ამ ეტაპზე საპილოტე პროგრამის შედეგების მონიტორინგი უჩვენებს, რომ პედაგოგთა გადამზადება წარმატებულად მიმდინარეობს და შემდეგი წლის აპრილამდე ყველა სკოლამდელ დაწესებულებას მოიცავს.

“ამ ნაწილში დეტალური გეგმა აქვს მომზადებული განათლების სამინისტროს და არსებობს შესაბამისი პროექტი, რომელსაც დაამტკიცებს მთავრობა.  იუნისეფმა შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩაატარა და არსებობს რეკომენდაციები. იგეგმება მონიტორინგის ჩატარება და იმ ვადებში, რომელიც კანონმა დაადგინა, ყველაფერი მზად იქნება,” – აცხადებს ბესელია.

კანონში შემავალი ერთ-ერთი სიახლე ბაგა-ბაღებში ჯგუფების შემადგენლობა და ბავშვების რაოდენობა იქნება, რამაც აზრთა სხვადახსხვაობა გამოიწვია. ამიტომ საკითხზე მსჯელობა 2018 წლამდე გადაიდო და “ვალდორფის” ბაგა-ბაღს, რომელიც ცვლილებას მკაცრად ეწინააღმდეგებოდა, სისტემასთან ადაპტაციისათვის დამატებითი დრო მიეცა.

“მათ აქვთ დრო 2018 წლის 1 აპრილამდე. ასაკობრივი დაყოფის ვალდებულება, სწორედ მათი თხოვნით, ამ დრომდე გადაიწევს,” – ამბობს ბესელია.

კანონი ასევე გულისხმობს ცენტრალური ხელისუფლების გაზრდილ პასუხისმგებლობას ეროვნული სტანდარტების დანერგვასა და მონიტორინგში. ამასთანავე, მონიტორინგში თანაბრად ერთვება განათლების სამინისტრო და ადგილობირივი მუნიციპალიტეტები.

იუნისეფი ამჟამად ტექნიკურ დახმარებას უწევს შესაბამის სამინისტროებს სათანადო რეგულაციებისა და ეროვნული სტანდარტების მომზადებაში. როგორც იუნისეფის მისიის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი აცხადებს, კანონის შემუშავება განათლების სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო.

“ყველა ბავშვს აქვს თანაბარი განვითარების უფლება და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბება. სკოლამდე განათლების სისტემის რეგულაცია მნიშვნელოვანია, რათა ყველა სექტორმა კოორდინირებულად შეძლოს შესაბამისი სტანდარტების დამკვიდრება ბავშვებისათვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად. იუნისეფი აგრძელებს მთავრობის მხარდაჭერას ამ საკითხში და ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში ვითანამშრომლებთ,” – აცხადებს გრაუმანი.

გრაუმანის თქმით, ამ დრომდე კანონის შემუშავების პროცესსა და შემდგომ ცვლილებებში დაინტერესებულმა მხარეებმა თითქმის სრულად გაითვალისწინეს მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები.

თბილისის მერი დავით ნარმანია დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმება და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქი მზად არის გაზარდოს ბაღების რაოდენობა. მან დამსწრეებს ახალაშენებული ბაგა-ბაღები წარუდგინა და განაცხადა, რომ მათი რაოდენობა სამომავლოდ კიდევ გაიზრდება, რადგან დემოგრაფიული მატებისა და დედაქალაქში მიგრაციისს ფონზე ბაღების კონტიგენტიც იზრდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ რეფორმით მოხიბლულია. ჯეჯელავას თქმით, იმის მიუხედავად, რომ მან მინისტრის პოსტი მაშინ ჩაიბარა, როდესაც კანონზე მუშაობა დასრულებული იყო, ის მზად არის მიიღოს მონაწილეობა მის იმპლემენტაციაში და თავად დააკვირდეს რეფორმის მონიტორინგის შედეგებს.

“არსებობს განსხვავება განათლებასა და სწავლას შორის. ყველანაირი დამოკიდებულება და ფასეულობები ცხოვრებაში კი დიდწილად ყალიბდება სკოლამდელ ასაკში. და მგონია, რომ სკოლამდელი აღზრდის კომპონენტი კი, აი, სწორედ ამ განათლების ასპექტში დიდია. განათლების ფუნდამენტი ამ კანონის მიღებით გახდა უფრო მყარი,” – აცხადებს ჯეჯელავა.

მინისტრის თქმით, განათლების სამინისტრო თავის მხრივ ითანამშრომლებს კულტურის სამინისტროთან სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შესაბამისი სახელმძღვანელობის შესარჩევად, რათა ბავშვები გაეცნონ უკეთეს ზღაპრებსა და საბავშვო ნაწარმოებებს.

“საჭიროა ხელი შევუწყოთ საბავშვო ლიტერატურის, მულტფილმების და ყველა ამგვარი რესურსის ხელმისაწვდომობას. მოგეხსენებათ, ჩვენს დროში დიდი მნიშვნელობა აქვს თვითგანათლებას, ინტერნეტს,” – ამბობს განათლების მინისტრი.

კანონის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, სახელმწიფო მზად არის რეფორმის განსახორციელებლად. სავალდებულო სტანდარტების არსებობა და სფეროს რეგულირება კი მხოლოდ საჭირო რესურსების მობილიზებას და მათ უკეთ ათვისებას უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი