ახალი ამბები

კობა ნარჩემაშვილი და სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები, რომელთა დასახელებასაც “ოცნება” აპირებს

18 ივლისი, 2016 • 16514
კობა ნარჩემაშვილი და სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები, რომელთა დასახელებასაც “ოცნება” აპირებს

იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე წინმსწრებად ამჟღავნებს იმ ადამიანების ვინაობას, რომლებიც დღეს, 20:00 საათზე ქუთაისში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ უნდა წარადგინონ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად მმართველი გუნდიდან.

ჭიჭინაძის თქმით, ქუთაისის სამ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან კობა ნარჩემაშვილი, დიტო მხეიძე და გენადი მარგველაშვილი.

კობა ნარჩემაშვილი, რომელიც 2001-03 წლებში საქართველოს შს მინისტრი იყო, ოცნების სიაში სოციალ-დემოკრატების კვოტით იქნება. როგორც ცნობილია, ამ პარტიის და “კონსერვატორების” კანდიდატები ქართული ოცნების ეგიდით იყრიან კენჭს ზოგიერთ ოლქებში. ნარჩემაშვილმა შს მინისტრის პოსტი “ვარდების რევოლუციის” შედეგად დაკარგა, როცა ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და, შესაბამისად, გადაყენებული იქნა მთელი მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი. მოგვიანებით ის დააპატიმრეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს თანხის გადახდის სანაცვლოდ.

დიტო მხეიძე და გენადი მარგველაშვილი ქუთაისში ცხოვრობენ, მხეიძე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია, ხოლო მარგველაშვილი –  ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლის დირექტორი.

გივი ჭიჭინაძემ იმერეთის სხვა რაიონებშიც დაასახელა ოცნების სავარუდო კანდიდატები, ესენი არიან:

#50 ოლქში (ტყიბული და თერჯოლის ნაწილი) – ელგუჯა გოცირიძე;

#51 ოლქში (ხარაგაული, ბაღდათი და ზესტაფონის ნაწილი) – კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის გამგებელი 2014 წლიდან;

#52 ოლქში (ზესტაფონი) – შალვა კიკნაველიძე, პარლამენტარი,”ეროვნული ფორუმის” ყოფილი წევრი;

#54 ოლქში (ვანი და ხონი) – გიორგი ლილუაშვილი, თბილისის მერის მოადგილე;

#55 ოლქში (სამტრედია) – გიორგი მიქელაძე, ბიზნესმენი;

#56 ოლქში (ჭიათურა) – სულხან მახათაძე, ჭიათურის გამგებელი 2014 წლიდან;

#57 ოლქში (წყალტუბო) – ცოტნე ზურაბიანი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საჩხერეში “ქართული ოცნების” სახელით კენჭს “კონსერვატიული პარტიის” წევრი პაატა კვიჟინაძე იყრის, რომელიც მოქმედი პარლამენტის წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი