ახალი ამბები

საერთაშორისო სკოლების განცხადება ბათუმში თურქეთის კონსულის ბრალდებებზე

18 ივლისი, 2016 • 1920
საერთაშორისო სკოლების განცხადება ბათუმში თურქეთის კონსულის ბრალდებებზე

გასულ კვირას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად საქართველოში მოქმედი სკოლები – რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლალიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლალიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სკოლალიცეუმი ,,სხივიდა ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლალიცეუმიმეგობრობა“ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც  დაგმობილია ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი განცხადებები და ბრალდებები.  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთერთი სკოლის  ხსენება ისეთ  კონტექსტში,  როგორიცაა ტერორიზმი.

როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს  ორი ქვეყნის უერთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება. 20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ  ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში.  ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლალიცეუმმეგობრობისმისამართით გაჟღერდა,  შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს,  მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები  შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის, სადაც სკოლა ფუნქციონირებს.    

ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იქნას თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის  კანონიერი უფლება და აღიკვეთოს  დისკრიმინაციული  ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან. მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ჩვენის მხრივ ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და   ვგმობთ მცდელობას, გარე პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან სასწავლო ინსტიტუტები გახლვათ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისფლად მოზაროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას, შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე”.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის გენერალურმა კონსულმაი ასინ თემიზქანმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას ტელეარხ 25-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან. კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით. ფეტულა გულენს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები, ერთ-ერთია შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ნუ გაუშვებთ ბავშვებს ამ სკოლაში. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციის სკოლები დაიხუროს“ – განაცხადა თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანმა „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი