ახალი ამბები

თაღლითობის ბრალდებით თბილისში 3 ადამიანი დააკავეს

18 ივლისი, 2016 • 1241
თაღლითობის ბრალდებით თბილისში 3 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული  ბონდო ო., 1956 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი  ვერა ა. და 1951 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თამაზ გ. თბილისში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი მოატყუეს, თითქოს დევნილთა და განსახლების სამინისტროში, ასევე, თბილისის მერიაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ მისთვის საჭირო ქულების მომატება და რიგის გარეშე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ოლიმპიურ ქალაქში“ ბინის მიღებაში დახმარება.

“ამის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს,  წინასწარ  7 000 აშშ დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ.

სამართალდამცველებმა, ბონდო ო.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 7000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი