ახალი ამბები

აეროპორტთა გაერთიანება: ფრენებთან დაკავშირებით პრობლემები მოხსნილია

16 ივლისი, 2016 • 1875
აეროპორტთა გაერთიანება: ფრენებთან დაკავშირებით პრობლემები მოხსნილია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე აცხადებს, რომ ამ დროისათვის თურქეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით ფრენები შეფერხების გარეშე ხორციელდება და ავიაკომპანიები ყველა მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფენ.

“პრობლემა უკვე მოხსნილია. როგორც უკვე გაჟღერდა, 1 საათის წინ თბილისში დაეშვა თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც დაახლოებით 150 მგზავრი ჩამოიყვანა. რამდენიმე წუთის წინ გამოფრინდა “ატლასგლობალის” თვითმფრინავი, რომელსაც ასევე დაახლოებით 150-მდე მგზავრი მოჰყავს. დაახლოებით 21:30 წუთზე დაეშვება ეს საჰაერო ხომალდი თბილისში.

დანარჩენი ფრენები შესრულდება გრაფიკით. უშუალოდ ათათურქის აეროპორტში გარკვეული რეისები შეფერხებით მიდის; რამდენიმე რეისი გაუქმდა, თუმცა ავიაკომპანია ახორციელებს მგზავრების გადასმას იმ რეისებზე, რომლებიც ხორციელდება,” – აცხადებს ქეთევან ალექსიძე.

ალექსიძის თქმით, ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მგზავრს, რომელიც შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალდა,  გადაუცვლიან ბილეთებს ან აუნაზღაურებენ ბილეთის ხარჯს. კომპენსაციისათვის მგზავრებს შეეძლებათ მიმართონ კომპანიებს 15 აგვისტომდე.

დამატებითი ინფორმაციის გაცნობა საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით შესაძლებელია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ფეისბუკ გვერდზე.

საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო შეზღუდვა მას შემდეგ დაწესდა, რაც ანკარასა და სტამბულში სამხედრო დანაყოფებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს.

15 ივნისს, გვიან ღამით თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ანკარაში პარლამენტის შენობას რამდენჯერმე ესროლეს ბომბები, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი ჰქონდა სტამბულშიც. სიტუაცია უკვე მეტწილად ექვემდებარება კონტროლს. აჯანყების შედეგად, დაღუპულია 160 ადამიანი, დაშავებულია 1154 ადამიანი, დაკავებულია 2,840 სამხედრო პირი. პრეზიდენტი ერდოღანი მომხდარს ფეტულა გულენს უკავშირებს.

გაეცანით მოვლენათა ქრონოლოგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი