ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირის დასკვნით დოკუმენტზე

28 თებერვალი, 2012 • • 1571
საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირის დასკვნით დოკუმენტზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2012 წლის 27 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ დასკვნითი დოკუმენტის მიღებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე.

“ეს დოკუმენტი კარგად მეტყველებს უკანასკნელ დროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ ინტენსიფიკაციაზე. დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირი მიესალმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან – ურთიერთობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ადასტურებს მზადყოფნას რეგიონში კეთილდღეობის, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობის, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში აქტიური ჩართვისადმი,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, ასევე ქვეყნის ძალისხმევას მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

“ამ მხრივ, იგი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, განსაკუთრებით საზოგადოების მოდერნიზაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად,” – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ყურადღებას ამასხვილებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს.

“ევროკავშირი მიესალმება საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოსთან სავიზო დიალოგის შემოღებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ეფექტური განხორციელების მნიშვნელობას. ამასთანავე, იგი ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეთა მობილურობას ევროკავშირის ტერიტორიაზე და ამ მიზნით განხორციელდეს ეტაპობრივი სამუშაო, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე სამოქმედო გეგმის შემუშავებით. მნიშვნელოვანია, რომ დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირი აღიარებს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება წარმოადგენს ერთობლივ მიზანს.

ევროკავშირი იღებს ვალდებულებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით უსაფრთხო და კარგად მართული გარემოს არსებობის პირობებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტის თემაზე გაკეთებულ განცხადებას. დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთი აგრძელებს მზარდ მილიტარიზაციას, სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის უზრუნველყოს EUMM-ის დაშვება საქართველოს ხსენებულ რეგიონებში.
ევროკავშირი მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში გაგრძელდეს მუშაობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მდგრადი მოგვარების მიზნით. ამ მხრივ, იგი აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის მიერ ცალსახა ვალდებულების აღებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

ევროკავშირი გამოხატავს მზადყოფნას, გააგრძელოს აქტიური ჩართულობა საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების და სტაბილიზაციის უზრუნველყოფის საქმეში, რაც მოიცავს ჟენევის დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას, EUMM-ის საშუალებით მონიტორინგის გაგრძელებას და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობას.
ევროკავშირი მიესალმება ჩართულობის შესახებ სტრატეგიის (საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით”) ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ უპირობო უფლებას უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე მუდმივად საცხოვრებელ ადგილებში, – აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ 27 თებერვალს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით დასკვნები შეაჯერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი