ახალი ამბები

კვირიკაშვილი: სავარაუდოდ, უშიშროების საბჭო დილით ისევ შეიკრიბება

16 ივლისი, 2016 • 1300
კვირიკაშვილი: სავარაუდოდ, უშიშროების საბჭო დილით ისევ შეიკრიბება

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დასრულდა. სხდომის შემდეგ შეხვედრის დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოსათვის საფრთხე არ არსებობს. სხდომამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დროებით დაიკეტოს საქართველო-თურქეთის საზღვარი. ამ თემის გადასახედად, კვირიკაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, უშიშროების საბჭო დილით კვლავ შეიკრიბება.

“უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვისმჯელეთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა მომდინაროებდეს საქართველოსთვის გამომდინარე ამ სიტუაციიდან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეგობარ თურქეთში დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე არ შეემქნას.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საზღვრებზე არსებულ სიტუაციაზე და სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და შსს-ს ინფორმაცია გავაანალიზეთ. დილამდე დავაკვირდებით სიტუაციას, ჯერჯერობით ჩვენივე მოქალაქეების უსაფრთხოებიდან საზღვარზე გადასვლა შევზღუდეთ. ასევე საჰაერო საზღვარიც ამ წუთას ჩაკეტილია გამომდინარე იქიდან, რომ ფრენები არ ხორციელდება. დილის სიტუაციიდან გამომდინარე მოვახდენთ სავარაუდოდ ცვლილებას ამ მიმართულებით. ჯერჯერობით ეს სიტუაცია რჩება და ვაკვირდებით.

რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების მზგავრობას თურქეთის მიმართულებით, ჩვენ ვურჩევდით ჩვენს მოქალაქეებს, მანამ, სანამ სიტუაცია დასტაბილურდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ აქ საუბარია ძალიან მოკლე პერიოდზე, თავი შეიკავონ მგზავრობისაგან. სადაც არ უნდა იყვნენ ისინი ამ წუთას თურქეთის მიმართულებით მგზავრობა მიზანშეწონილი არ არის.

დილით კიდევ გვექნება, სავარაუდოდ, შეხვედრა და ოპერატიული ინფორმაციიდან გამომდინარე გავაკეთებთ კორექტირებებს ამ სიტუაციაში,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მოწვევის გადაწყვეეტულება პრეზიდენტმა დღეს, გვიან ღამით თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო. მცდელობა თურქული, მხარის განცხადებით, უშედეგოდ დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი