ახალი ამბები

საფრანგეთის მოქალაქე 4 ქართველი, რომლებსაც ნიცაში ეძებდნენ, იპოვეს

15 ივლისი, 2016 • 1460
საფრანგეთის მოქალაქე 4 ქართველი, რომლებსაც ნიცაში ეძებდნენ, იპოვეს

საფრანგეთის მოქალაქე 4 ქართველი, რომლებსაც ნიცაში ეძებდნენ, ნაპოვნია. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ დაუდასტურა.

მისი თქმით,  ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირება მოხერხდა. ისინი  სახლში იმყოფებიან და კარგად გრძნობენ თავს.

სირაძის თქმით, ეს ადამიანები მანამდე ლიონში ცხოვრობდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიცაში გადავიდნენ საცხოვრებლად. დღეს ახლობლები მათ ვერ უკავშირდებოდნენ, თუმცა, როგორც გაირკვა, ისინი სახლში იმყოფებოდნენ და ტელეფონი გამორთული ჰქონდათ.

რაც შეეხება იმას, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად ხომ არ არიან დაშავებულებსა თუ დაღუპულებში საქართველოს მოქალაქეები, ელჩის თქმით, ასეთი რამ არ ფიქსირდება, თუმცა მანამ, სანამ ყველა დაღუპული არ იქნება იდენტიფიცირებული, ცალსახად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს.

ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე – (+995 32) 294 50 50; 24 საათის განმავლობაში – (+995) 577 98 40 20;

“ამ ეტაპზე ფრანგული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი