ახალი ამბები

ეკა სირაძე-დელონე: ნიცაში ეძებენ 4 ქართველს, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან

15 ივლისი, 2016 • 1623
ეკა სირაძე-დელონე: ნიცაში ეძებენ 4 ქართველს, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე დელონეს ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქე ქართული წარმოშობის 4 ადამიანს ახლობლები ვერ უკავშირდებიან.

ეკა სირაძემ კურიერთან საუბარში განაცხადა, რომ ეს ადამიანები საფრანგეთის სხვა ქალაქში ცხოვრობენ, თუმცა გუშინ ნიცაში იმყოფებოდნენ. სირაძემ არ დაასახელა მათი გვარები იმ მიზნით, რომ ახლობლებში პანიკა არ ატყდეს. მისი თქმით, შესაძლოა ამ ადამიანებს სულაც არ შექმნიათ არანაირი პრობლემა და ახლობლები ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ მათთან დაკავშირებას. სირაძის თქმით, ეს ოთხი ადამიანი წარმოშობით ქართველია, თუმცა არა საქართველოს, არამედ საფრანგეთის მოქალაქე.

რაც შეეხება იმას, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად ხომ არ არიან დაშავებულებსა თუ დაღუპულებში საქართველოს მოქალაქეები, ელჩის თქმით, ასეთი რამ არ ფიქსირდება, თუმცა მანამ, სანამ ყველა დაღუპული არ იქნება იდენტიფიცირებული, ცალსახად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს.

ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე – (+995 32) 294 50 50; 24 საათის განმავლობაში – (+995) 577 98 40 20;

“ამ ეტაპზე ფრანგული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი