ახალი ამბები

ჯეჯელავა: განათლების სამინისტრო რომელიმე დომინანტ ჯგუფს არ უნდა უჯერებდეს

14 ივლისი, 2016 • 1140
ჯეჯელავა: განათლების სამინისტრო რომელიმე დომინანტ ჯგუფს არ უნდა უჯერებდეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა ინტერVIEW-ში უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საკითხზე, უნდა ერეოდეს თუ არა  რელიგიური ორგანიზაცია საჯარო სკოლის სასწავლო პროგრამაში.

“უნდა ჰქონდეს თუ არა მას უფლებები, რომ თავის აზრი გამოთქვას, დიახ, უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს თუ არა ეს უფლება რამენაირად განმსაზღვრელი – არა, არ უნდა იყოს. ნებისმიერ ჯგუფს, დიდი ჯგუფია თუ პატარა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლება, რომ საჯაროდ, მედიით მათ შორის, გამოხატოს თავისი მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეს სასკოლო პროგრამა თუ არასასკოლო პროგრამა. მეორე, უნდა იყოს თუ არა მართული ეროვნული სასწავლო გეგემა, მაგალითად, რომელიმე დიდი ან პატარა, ან საშუალო ჯგუფის მიერ –  რა თქმა უნდა, არა. თუ ასეთი რამე არსებობს, ჩვენ უნდა ავაშენოთ კედლები, რომლებიც სადაც მიუშვებს, ყველას თანაბრად მიუშვებს და სადაც არ მიუშვებს, იქ არ მიუშვებს.

ნებისმიერ ჯგუფს, ამ შემთხვევაში, საპატრიარქო იყოს, გნებავთ, და მართლმადიდებელი ეკლესია, აქვს უფლება, რომ თავის წევრებს, ასე ვთქვათ, მოსთხოვოს საზოგადოებრივი ზეწოლა საზოგადოებრივ ინსტიტუტზე, რომ თავისი ინტერესი, როგორც შეუძლია, ბიზნესჯგფს, პარლამენტში ჰყავდეს პარლამენტარები, რომლებიც მის ინტერესს ლობირებენ. ლობიერების მექანიზმი დემოკრატიულ სისტემაში არის გარდაუვალი. მეორე მხრივ, კონკრეტულად განათლების სამინისტრო უნდა უჯერებდეს და ემსახურებოდეს თუნდაც რომელიმე დომინანტ ჯგუფს, პასუხი არის ცალსახად არა,”- განაცხადა ჯეჯელავამ.

2015 წლის ოქტომბერში საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომ 2015 წლის ივლის-აგვისტოს განმავლობაში საპატრიაქოსთან არსებული განათლების ცენტრის თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ ახალი განათლების სტანდარტების პროექტის ავტორთა ჯგუფს და შეხვედრების შედეგად ავტორთა ჯგუფმა გაიზიარა ზოგიერთი შენიშვნა. როგორც საპატრიარქოს განცხადებაში ეწერა, მოხდა გარკვეული ტერმინების ამოღებაც.

“კერძოდ: ამოღებულია ტერმინი “გენდერული იდენტობა”, რომლის რეალური შინაარსი გაუგებარია თვით მასწავლებისთვისაც. ამოღებულია პოლიტიკური ხასიათის კატეგორიები: “ლიბერალიზმი” ან “დემოკრატიული ღირებულებები,” რომლებიც ბავშვის პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ახდენენ. ვფიქრობთ, III-IV კლასელი ბავშვებისთვის პოლიტიკური სისტემების შესახებ განყენებული ინფორმაცია დამატებითი ტვირთია,” – წერია განცხადებაში. საპატრიარქოს განცხადებაშივე ნათქვამია, რომ თემის “მე და ოჯახის” სათაური მათივე რეკომენდაციით შეცვალეს და ეწოდა “ჩემი ოჯახი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი