ახალი ამბები

კვლევის თანახმად, რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკა დისკრიმინაციულია

14 ივლისი, 2016 • 2823
კვლევის თანახმად, რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკა დისკრიმინაციულია

რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების არსებული პრაქტიკა არღვევს რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს – ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) კვლევაში.

EMC-ისა და TDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა 2014-2015 წლებში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკების მიმოხილვასა და სამართლებრივ შეფასებას მოიცავს. კვლევის მიხედვით: 

  • წინა წლების მსგავსად საკვლევ პერიოდში სახელმწიფო აგრძელებდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას;
  • 2014-2015 წლებში რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება ჯამურად 68 292 963 ლარს უტოლდება;
  • აქედან  მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული თანხის ჯამური ოდენობა 63 173 299 ლარს შეადგენს;

სახელმწიფო დაფინანსება, კვლევის მიხედვით, მოდის ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტებიდან და მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზევრო ფონდებიდან.

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა 2014 წელს. დიაგრამა: EMC-ის და TDI-ს კვლევა

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის წარმომავლობის პროცენტული გაანგარიშება 2014 წელს. დიაგრამა: EMC და TDI

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა 2015 წელს. დიაგრამა: EMC-ის და TDI-ს კვლევა

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის წარმომავლობის პროცენტული გაანგარიშება 2015 წელს. დიაგრამა: EMC და TDI

კვლევის მიხედვით, 2014-2015 წლებში ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული ჯამური 51 228 170.13 ლარიდან თანხის ყველაზე დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომელთა ხელფასებს, პრემიებს, ჰონორარებსა და მსგავსი სახის მიზნობრიობას მოხმარდა. კვლევის ავტორების შეფასებით, თანხის მეორე ნაწილი უძრავ-მოძრავი ნივთების შეძენასა და მათ მოვლა-პატრონობას, დარჩენილი თანხის გახარჯვა კი ძირითადად არაკლასიფიცირებული (სხვა დანარჩენი) დანიშნულებით განხორციელდა, შესაბამისად, “აღნიშნული თანხების გახარჯვის მიზნობრიობის დადგენა შეუძლებელია”.

საკვლევ პერიოდში დაფიქსირდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული უძრავი ქონების მასშტაბის შესამჩნევი ზრდა. 2014-2015 წლებში ეკლესიამ სახელმწიფოსგან 48 ერთეული უძრავი ნივთი (საერთო ფართობი: 913 546,922 კვ.მ.), მუნიციპალიტეტებიდან კი 18 ერთეული უძრავი ნივთი (საერთო ფართობი: 65,837) მიიღო საკუთრებაში;

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 2014 წელს გადაცემული უძრავი ქონება. ცხრილი: EMC-ის და TDI-ს კვლევა

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 2014 წელს გადაცემული უძრავი ქონება. ცხრილი: EMC და TDI

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 2015 წელს გადაცემული უძრავი ქონება. ცხრილი: EMC-ის და TDI-ს კვლევა

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის 2015 წელს გადაცემული უძრავი ქონება. ცხრილი: EMC და TDI

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში ფიქსირდება 565 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 16 742 987.82 კვ.მ. (1674.3 ჰა).

EMC-ის დირექტორი, თამთა მიქელაძე, მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში დაფინანსების კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსების რადიკალური ზრდა წინასაარჩევნო პერიოდსა და პოლიტიკურ კრიზისებს ემთხვეოდა. ახალი ხელისუფლების პირობებში მსგავსი პირდაპირი კორელაციების პოვნა, მიქელაძის აზრით, რთულია. “თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაფინანსების პოლიტიკა ხელისუფლებას არსებითად არ შეუცვლია, სახელმწიფოს აფილაციები და ლოიალობა ეკლესიის მიმართ კი კიდევ უფრო ღიად გამოჩნდა პოლიტიკურ ცხოვრებასა და ინსტიტუციურ დონეებზე, ეს გარემოება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არასეკულარული მიმართებების გაღრმავებაზე უნდა უთითებდეს”, – ფიქრობს EMC-ის დირექტორი.

“ის, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს უჭერს ეკლესია მხარს, რეალურად, განსაზღვრავს ხოლმე იმას, თუ ვინ იქნება იქნება პოლიტიკურ ხელისუფლებაში მომავალი არჩევნების შემდეგ. ამდენად, ჩვენთვის დაფინანსების საკითხი არ არის მხოლოდ პრიცნიპული საკითხი იმისა, თუ როგორ იხარჯება თანხები. ეს არის ის საკვანძო მომენტი, როცა პოლიტიკურ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არასეკულარული ურთიერთობები იწყება და რომელიც გავლენას ახდენს ცალეულ რეფორმებზე თუ ადამიანის უფლებებზე და რეალურად ქმნის  ხელშემწყობ საფუძველს, რომ ჩაგრულმა ჯგუფებმა სამოქალაქო ცხოვრებაც ვერ მოახერხონ,”, – ამბობს EMC-ის დირექტორი, თამთა მიქელაძე.

“საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალი”

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევის მიხედვით, სახელმწიფო მართლმადიდებელი ეკლესიის სისტემურ დაფინანსებასა და მისთვის სხვადასხვა სახის ბენეფიტების მინიჭებას, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით ამართლებს. 2014 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო ოთხი რელიგიური გაერთიანების (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებების) დაფინანსება საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლით. 2014 წელს აღნიშნული გაერთიანებებისთვის გადაცემული თანხა მთლიანობაში 1 795 186 ლარს, 2015 წელს 3 324 478 ლარს შეადგენდა; 

“ჩვენს რეალობაში, როდესაც პირდაპირი სუბსიდირების მოდელებია და არა ზიანის ანაზღაურების, ვფიქრობთ, რომ ანგარიშვალდებულების რაღაც მექანიზმი სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს და ეს პროცესი აბსოლუტურად უკონტროლო არ უნდა იყოს. თუმცა ესეც უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, რომ რელიგიურ ორგანიზაციებში გადამეტებული ინტერვენცია არ მოხდეს”, – ამბობს თამთა მიქელაძე.

“რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა 2014-2015 წლებში” - EMC-ისა და TDI-ის კვლევის პრეზენტაცია 14 ივლისს კლუბ “ფრონტლაინში” გაიმართა. 14.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა 2014-2015 წლებში” – EMC-ისა და TDI-ის კვლევის პრეზენტაცია 14 ივლისს კლუბ “ფრონტლაინში” გაიმართა. 14.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენელი, გიორგი მახარაძე კი ამბობს, რომ საინტერესო იქნებოდა კვლევის არა მშრალი ციფრებით ნახვა, არამედ შინაარსობრივად. “მაგალითად, საინტერესო იქნებოდა გვენახა, თუ რა თანხა მოდის ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფის წევრის ერთ წევრზე”, – თქვა გიორგი მახარაძემ TDI-ისა და EMC-ის კვლევის პრეზენტაციაზე.

თამთა მიქელაძის განმარტებით, ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებასთან დაკავშირებით დგას, შემდეგია: “სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩენილმა ეკლესიამ შეიძლება (მით უმეტეს, იმ პირობებში როდესაც მას საკმაოდ დიდი რესურსი აქვს და სხვა სტანდარტებით ცხოვრობს) სხვა ტიპის რესურსები მოიძიოს სხვა ქვეყნებში, ძირითად რუსეთის გავლენებზეა ხოლმე ლაპარაკი. როდესაც ეს იდეოლოგიური თუ პოლიტიკური კავშირები ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ღიად ჩანს. შესაბამისად, ეკლესიისთვის დაფინანსების შეწყვეტამ შეიძლება გარკვეული პოლიტიკური პრობლემები შექმნას. შესაბამისად, ჩვენთვის ყველაზე მეტად დემოკრატიული და სეკულარული დაფინანსების მოდელი შეიძლება იყოს საგადასახადო სისტემა, როდესაც მრევლის თითოეული წევრი განსაზღვრავს, რომელ რელიგიურ ორგანიზაციას გადაურიცხავს თანხას”, – ამბობს თამთა მიქელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი