ახალი ამბები

კვირიკაშვილი: საქართველოს სურვილი არ არის, თავს მოახვიოს ევროკავშირს ახალი სატკივარი

14 ივლისი, 2016 • 1370
კვირიკაშვილი: საქართველოს სურვილი არ არის, თავს მოახვიოს ევროკავშირს ახალი სატკივარი

ბათუმში დღეს რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება” გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი დადებითად აფასებს ევროსაბჭოს მიერ ორი კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას სექტემბრის შუა რიცხვებში სპეციალური შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც განიხილავენ ევროინტეგრაციის საკითხებს.

“საქართველოს სურვილი არ არის, თავს მოახვიოს ევროკავშირს ახალი სატკივარი. პირიქით, საქართველო არის სხვაგან გაჩენილი სატკივარის მკურნალი სალბუნი. ჩვენთვის რთული წარმოსადგენია, რომ შეიძლება მოიძებნოს ჩვენი უნიკალური ევროპული ღირებულებების დასაცავად საქართველოს მხრიდან მათი გაზიარების მგზნებარე სურვილზე უკეთესი არგუმენტი.

შესაბამისად, გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ საქართველოს მიღების პროცესი დასრულდება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებზეც და განაცხადა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც.

“ამა წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მოსალოდნელია, რომ კონკურენცია უკომპრომისო იქნება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ თავისუფალი საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები და ამ წარმატებულ ციკლს დააგვირგვინებს მომავალი საპარლამენტო არჩევნები,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის როლზე რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე.

“განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მდგომარეობა საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამის ერთ-ერთი მიზეზია ადგილზე საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობა ორივე რეგიონში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე, რის გამოც ის ვერ ახორციელებს თავის მანდატს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვადგინოთ ეუთოს სრულფასოვანი ფუნქციონირება საქართველოში,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მე-13 საერთაშორისო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერიმ. კონფერენციის გახსნას დაესწრნენ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობისწევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი