ახალი ამბებისამართალი

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

14 ივლისი, 2016 • 1265
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში სამი პირი დააკავეს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით.

დაკავებულები არიან 22 წლის ნიკა მ., 26 წლის, წარსულში ნასამართლევი დავით ბ. და 42 წლის, წარსულში ნასამართლევი პაატა უ.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ.

“მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან და დანაშაულებრივი სამყაროს სხვა წევრებთან. ბრალდებულები მათთან ერთად სისტემატურად გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში. ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები ხვდებოდნენ ქართველ მეწარმეებს, თავს აცნობდნენ, როგორც ე.წ. მომავალი კანონიერი ქურდები, რის შემდეგაც, ქურდული გარჩევების გზით სთხოვდნენ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას. თანხის მოთხოვნას მათი მხრიდან თან ახლდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის პრიმა 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი