ახალი ამბები

CNN: აშშ კვლავ ცდილობს დაადასტუროს, რომ თარხან ბათირაშვილი მოკლულია

13 ივლისი, 2016 • 2413
CNN: აშშ კვლავ ცდილობს დაადასტუროს, რომ თარხან ბათირაშვილი მოკლულია

CNN-ის ცნობით, აშშ კვლავაც ცდილობს, გადაამოწმოს ინფორმაცია, არის თუ არა დაღუპული აბუ ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი.

პენტაგონმა 2016 წლის 15 მარტს ოფიციალურად განცხადა, რომ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ერთ-ერთი მეთაური, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი მოკლეს. ის, ბიბისის ცნობით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებთან შესახვედრად იყო ჩასული ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქალაქ შადდადში. როგორც სი-ენ-ენი წერს, ამის შემდეგ დაეშმა (“ისლამურმა სახელმწიფომ”) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათირაშვილი დაშავდა, თუმცა არ მომკვდარა.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენჯერმე ამოიღეს მიზანში ომარ ალ-შიშანი. შტატები კვალავაც ცდილობს დაადასტუროს, ამჯერად მაინც არის თუ არა დაღუპული      ბათირაშვილი.

თარხან ბათირაშვილი, იგივე “ჩეჩენი ომარი”, ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთით იმყოფებოდა და სწორედ იქ ამოიღეს შტატების თვითმფრინავებმა მიზანში. თუმცა, სი-ენ-ენის ინფორმაციით, ოფიციალური პირები საჯაროდ არ განაცხადებენ, რომ ბათირაშვილი მოკლულია, სანამ ამის დამადასტურებელი უტყარი საბუთი არ ექნებათ.

ალ-შიშანი დიდი ხანია, რაც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო მეთაურად ითვლება. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების წევრი იყო და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა. საქართველოში სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა. 2013 წლიდან ალ-შიშანი ექსტრემისტული დაჯგუფება ჩრდილოეთ სირიაში ISIS-ის  მოქმედ ძალებს მეთაურობდა. 2014 წლის სექტემბერში აშშ-მა აბუ ომარ ალ-შიშანი “შავ სიაში” შეიყვანა, ხოლო 2015 წლის მაისში მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. სიენენის ცნობით, იგი მართავდა ციხეს ქალაქ რაყაში, სადაც უცხოელ მძევლებს აკავებდნენ. 

ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ პრესაში ინფორმაცია რამდენჯერმე მანამდეც გავრცელდა, თუმცა არ დადასტურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი