ახალი ამბები

უსუფაშვილი რ2-ს: თუ თქვენ ძალით ვინმე პრობლემას შეგიქმნით, თანამდებობას დავტოვებ

13 ივლისი, 2016 • 1439
უსუფაშვილი რ2-ს: თუ თქვენ ძალით ვინმე პრობლემას შეგიქმნით, თანამდებობას დავტოვებ

“იყო დრო, როცა რუსთავი 2-ის საკითხს [შევარდნაძის დროს] მაშინდელმა ხელისუფლებამ საფრთხე შეუქმნა. დიდი ხნის წინ იყო ეს ამბავი. იმ პროცესებს 2-3 დღეში ბევრი რამ მოჰყვა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას გადადგომა. მე თქვენ გეუბნებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ აქედან არჩევნებამდე სანამ მე ამ თანამდებობაზე ვარ, თუ თქვენ ძალით ვინმე პრობლემას შეგიქმნით, ამ პრობლემის შექმნიდან 5 წუთში თანამდებობას ვტოვებ”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას.

უსუფაშვილმა თავისი პოზიცია ასე განმარტა:

“ამით მივმართავ ყველას: სააკაშვილს, ივანიშვილს, ხალვაშს, ნიკას, პეტრეს, პავლეს და ვიღაცებს, რომ არჩევნების წინ იქნებ რომელიმე ტელევიზია გაჩერდეს ან იქნებ თვითდაზიანება მივიყენოთ და ა.შ. ასე მარტივი არ იქნება და არვის შერჩება”.

კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ რუსთავი 2-ის სასამართლო საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, პარლამენტის თავმჯდომარე ასე პასუხობს:

“მე ვიცნობ ივანიშვილს და ვიცი, რომ ის წამსვლელია ძალიან სარისკო ნაბიჯებზე. 2011-12 წლებში ის, რაც მან წამოიწყო, ძალიან სარისკო იყო, მაგრამ მე ვერ ვუშვებ იმას, რომ ის არის ამდენად საკუთარი თავის, მის მიერვე შექმნილი პარტიის და იმ მთავრობის მტერი, რომელსაც ის უჭერს მხარს, რომ ის თქვენ გიჩხიკინებთ აქედან, იქიდან და ამით უკიდურესად აზიანებს თავის თავს, მთავრობას, პარტიას და ასე შემდეგ. ასეთად ვერ ვიცნობ ივანიშვილს”.

რაც შეეხება იმას, მიხეილ სააკაშვილის ინტერესი ხომ არ დგას ქიბარ ხალვაშის უკან, იგი ამბობს:

 

“მიხეილ სააკაშვილს ამ პროცესისაგან სარგებლის მეტი არაფერი მიუღია. რუსთავი 2-თან ქიბარ ხალვაშის ბრძოლას სააკაშვილისთვის სარგებლის მეტი არაფერი მოუტანია. რუსთავი 2 მუშაობს, აგერ ვსხედვართ და თქვენ საქმეს აკეთებთ. არის პრობლემები, რომელიც არის გაჭედილი და ამაზე სხვადასხვა არხებით მსოფლიოში… ამაზე უკეთესი რა შეიძლება გააკეთოს სააკაშვილისთვის ვინმემ, მე ძნელად არ წარმომიდგენია”, – აცხადებს იგი და დასძენს:

“ნაციონალური მოძრაობისთვის თუ ვინმეს უნდა ხმების რაოდენობის მინიმუმ 1/3-ით მომატება, რაც შესაძლოა საარჩევნო პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, მაშინ თქვენ უნდა გაგაჩეროთ არჩევნებამდე. თუ ვინმეს ეს ამოცანა აქვს, რა გვარის და სახელის ადამიანიც არ უნდა იყოს ის, მაშინ მან ეს უნდა გააკეთოს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი