ახალი ამბები

ჯეჯელავა: მასწავლებელთა სქემაში ვიდეოგაკვეთილის კომპონენტი სავალდებულო აღარ იქნება

13 ივლისი, 2016 • 1304
ჯეჯელავა: მასწავლებელთა სქემაში ვიდეოგაკვეთილის კომპონენტი სავალდებულო აღარ იქნება

განათლებისა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მასწავლებელთა პროფესული განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილი სავალდებულო აღარ იქნება, ვინაიდან ეს მასწავლებლებმა რთულად ჩათვალეს.

ეს განცხადება ჯეჯელავამ 13 ივლისს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას გააკეთა.

მისი განცხადებით, მასწავლებელთა უმრავლესობა ამ სქემით კმაყოფილია.

“გამოვლინდა ხარვეზები და ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილი. ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს მასწავლებლებმა. მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, სქემას ვავითარებთ და ეს ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლის პროფესიულ კავშირთან, ჩვენს სამსახურებთან. გავაჩენთ ალტერნატივას, ანუ არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი. ამის შედეგად ჩვენ მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული, რომ შემდეგ საფეხურებზე გადავიდეს პროფესიული მომზადების და გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენს მოსაწავლეებს,” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მოგვიანებით ჯეჯელავამ განმარტა, თუ რას გულისხმობს ვიდეოგაკვეთილი:

“ერთ-ერთი ასპექტი ამ სქემაში არის ვიდეოგაკვეთილი, რომელიც მასწავლებელმა უნდა გადაიღოს და გამოგზავნოს შესაფასებლად. აქ ტექნიკური ხარვეზებია: გაკვეთილის გადაღება ბევრი მხრიდან უნდა მოხდეს, რომ დავინახოთ, ბავშვები რას შვრებიან ამ დროს. მასწავლებელი, უმეტეს შემთხვევაში, სტატიკურად არ დგას და კლასში მოძრაობს, ამიტომ გაკვეთილის გადაღება ტექნიკურადაც რთულია. ასევე, კამერასთან მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულეა ადამიანებისთვის, ვისაც პრაქტიკა არა აქვს და არც ევალება დიდი გამოცდილება.

აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეოგაკვეთილი გახდა დისკომფორტის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წყარო არა იმიტომ, რომ ეს ხალხი გაკვეთილებს კარგად არ ატარებს, არამედ იმიტომ, რომ როგორც კი მოგადგება გადამღები ჯგუფი, დაძაბულობას გრძნობ.

ჩვენ არ ვუზღუდავთ [მასწავლებლებს ვიდეოგაკვეთილის ჩაწერისას] დუბლებს, მაგრამ, მეორე მხრივ, რეგიონებში მასწავლებლებთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ასეთი გაკვეთილები დადგმული გამოდის. კი იღებენ და აგზავნიან, მაგრამ რამდენიმე დუბლის შემდეგ ბუნებრიობა და გაკვეთილის მთლიანობა ზარალდება. გამოდის, რომ, ფაქტობრივად, ვაფასებთ არა ნამდვილ მასწავლებელს, არამედ მის “სპეციალურ” ვერსიას. ამ სისტემის მიზანი კი არ არის “კარგი და ცუდი” გამოვარჩიოთ, მიზანია, მასწავლებელს მივუთითოთ, რა აქვს გასაუმჯობესებელი,”- განაცხადა მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი