ახალი ამბები

პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” დეკლარაცია

21 თებერვალი, 2012 • • 1977
პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” დეკლარაცია

დღეს, 21 თებერვალს, სასტუმრო “რედისონში” პოლიტიკურმა კოალიციამ,  “ქართულმა ოცნებამ” პრეზენტაციაზე მიღებულ დეკლარაციაში წარმოადგინა 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში განახორციელებს.

ერთიან დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ “პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“  აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს.

არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“:

  1. დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას;
  2. დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონსტიტუციურ რეფორმას;
  3. უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში;
  4. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში;
  5. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, რისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს;
  6. უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან;
  7. არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან;
  8. დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას, დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას;
  9. დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, რისთვისაც განახორციელებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებულ გააზრებულ რეფორმებს;
  10. შეუქმნის შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს, რისთვისაც დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოსა და განავითარებს სოციალური სოლიდარობის სისტემას;
  11. ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის – საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას;
  12. იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას, რითაც დაძლევს, ერთი მხრივ, ბრმა მიმბაძველობის, ხოლო, მეორე მხრივ, ფსევდოპატრიოტული კარჩაკეტილობის ტენდენციებს.

პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნება”, რომელიც დღეს დაფუძნდა, ოთხ პოლიტიკური პარტიას აერთიანებს.
ესენია:

  • ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია
  • თავისუფალი დემოკრატები
  • ეროვნული ფორუმი
პოლიტსაბჭოში ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური შედიან. პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წევრი ნოდარ ხადური კი პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი