ახალი ამბები

უსუფაშვილი: “ოცნებამ” რესპუბლიკელების დატოვება და ინდივიდუალურად თანამშრომლობა შემომთავაზა

12 ივლისი, 2016 • 1156
უსუფაშვილი: “ოცნებამ” რესპუბლიკელების დატოვება და ინდივიდუალურად თანამშრომლობა შემომთავაზა

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მას პარტიის დატოვება და მომდევნო მოწვევის პარლამენტში ინდივიდუალურ რეჟიმში თანამშრომლობა შესთავაზა. უსუფაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის შეთავაზება მიიღეს რესპუბლიკელმა მინისტრებმაც.

“შედგა გარკვეული კომუნიკაცია ოცნების ლიდერებსა და ჩემს შორის და მე მივიღე წინადადება იმის თაობაზე, რომ დამეტოვებინა რესპუბლიკური პარტია, დამოუკიდებლად მიმეღო მონაწილეობა მაჟორიტარულ ოლქში და მომავალ პარლამენტში ასე, ინდივიდუალურ რეჟიმში გამეგრძელებინა თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან”, რომელიც დაადგა განახლების გზას, რომელსაც ბევრი ახალი სახე ეყოლება და ასე შემდეგ.

ამ შემთხვევაში ლაპარაკი იყო ჩემზე და ასევე [რესპუბლიკელ] მინისტრებზეც, თუ ისინი მოისურვებდნენ, რომ ასეთივე გზას დადგომოდნენ. ეს შემოთავაზება თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული პოლიტიკურადაც და ბევრი სხვა თვალსაზრისითაც. ეს წინადადება ჩემი მხრიდან იყო უარყოფილი, როგორც შეუძლებელი, გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი. ამ პროცესში უკვე ჩვენი მხრიდან იყო საპასუხო წინადადება, რომ თუ თქვენ ზოგადად ჩვენთან ურთიერთობა გსურთ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც, ჩვენ შეგვიძლია ისე, რომ რესპუბლიკელი მინისტრები დარჩნენ ბოლომდე ანუ არჩევნების დასრულდებამდე პოსტებზე და არჩევნების დასრულების შემდეგ [რესპუბლიკური პარტია ცალკე წასული არჩევნებზე, ქართული ოცნება ცალკე წასული არჩევნებზე] რა შედეგითაც შევხვდებით [ან ვეღარ შევხვდებით ერთმანეთს], მერე გავაგრძელოთ საუბარი. ამაზე უკვე ქართული ოცნებიდან იყო პასუხი, რომ ეს მათთვის მიუღებელია, რადგან მათ მინისტრების პოსტებზე დარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოუდგენიათ, თუ ისინი პარტიას დატოვებენ. ამ პროცესში გიგლა აგულაშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რომელსაც მე, ცხადია, არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები. თინა ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. რესპუბლიკური პარტია არჩევნებზე მიდის”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი