ახალი ამბები

ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

12 ივლისი, 2016 • 959
ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

ცენტრ პოინტ ჯგუფის საქმეზე 4 ბრალდებულს: მაია რჩეულიშვილს, სალომე ჩარკვიანს, გუკა რჩეულიშვილსა და ირაკლი მინდელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მაია თაბაგარმა პროცესზე განაცხადა, რომ სალომე ჩარკვიანს თავდებში უდგებიან პარლამენტის დეპუტატები: გია ჟორჟოლიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, ზაზა პაპუაშვილი და თამაზ ყაჭეიშვილი. ადვოკატი ითხოვდა, რომ სალომე ჩარკვიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებინათ გირაო 20 ათასი ლარის ოდენობით.

გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ ადვოკატები სხვა ბრალდებულების მიმართაც, თუმცა პროკურატურა აღკვეთის სახით ბრალდებულთა პატიმრობის შუამდგომლობას აყენებდა.

მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, ,,ცენტრ პოინტი აჭარის“ დირექტორებს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს ბრალი 10 ივლისს წაუყენა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით, ჯგუფურად, სხვისი ქონების გაფლანგვას ედავება. ჯამური თანხა 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი პროკურამ 10 ივლისს დააკავეს. გუკა რჩეულიშვილზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა, ხოლო მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, დღეს კი იგი სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი