ახალი ამბები

უსინათლოთათვის მატჩების აუდიოაღწერილობითი კომენტირების პროგრამა დაინერგა

12 ივლისი, 2016 • 1104
უსინათლოთათვის  მატჩების აუდიოაღწერილობითი კომენტირების პროგრამა დაინერგა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით,   საქართველოში უსინათლოთა და მცირემხედველთათვის საფეხბურთო მატჩების აუდიოაღწერილობითი კომენტირების პროგრამა (ტიფლოკომენტირება)  დაინერგა.

დღეიდან უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას და მათ მაქსიმალურად სრულფასოვან აღქმას შეძლებენ. ტიფლოკომენტირებით პირველი მატჩი დღეს „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფეხბურთის ქომაგები 21:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას დაესწრებიან თბილისის „დინამოსა“ და სომხეთის „ალაშკერტს“ შორის.

ტიფლოკომენტირების პროგრამა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დანერგა. მათი ინფორმაციით,  სპეციალური კომენტატორები უცხოელმა ტრენერებმა მოამზადეს. ისინი მატჩის მსვლელობისას დეტალურად აღწერენ როგორც სათამაშო მოედანზე, ასევე მთლიანად სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს. აპარატურის სიხშირე მთელ სტადიონს ფარავს, ამდენად, უსინათლოთათვის სპეციალურად ადგილების გამოყოფა საჭირო არაა. სიხშირის მისაღებად გულშემატკივრებს მხოლოდ მობილური ტელეფონი და ინდივიდუალური ყურსასმენი ჭირდებათ.

„დინამო არენაზე“ პროგრამის ტესტირებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია უსინათლოებთან ერთად დაესწრნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

უსინათლოთა და მცირემხედველებისთვის საფეხბურთო მატჩების აუდიო-აღწერილობითი კომენტირების პროგრამა (ტიფლოკომენტირება) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და „ფეხბურთის ხელმისაწვდომობის ევროპულ ცენტრს – „CAFE” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის  თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.

საქველმომქედო ორგანიზაცია CAFÉ  UEFA-ს ეგიდით შშმ პირთათვის ფეხბურთის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. CAFÉ იყო ევროპის 2012 და მსოფლიოს 2014 წლების ჩემპიონატების ოფიციალური მონაწილე, სადაც ყველა მატჩი უზრუნველყოფილი იყო აუდიოაღწერილობით კომენტირებით. აღნიშნული პროგრამა წარმატებით განხორციელდა საფრანგეთში დასრულებულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზეც. პროგრამა ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი