ახალი ამბები

დაპირისპირება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში

21 თებერვალი, 2012 • 1402
დაპირისპირება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში

ვადიმ ბროვცევი
ვადიმ ბროვცევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტსა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევს შორის დაპირისპირებაა. ბროვცევმა პარლამენტს თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გადაყენების წინადადებით 13 თებერვალს მიმართა. პარლამენტმა კი რეგლამენტი მოიშველია და ბროვცევს უპასუხა, რომ მის მიმართვას მაისამდე ვერ განიხილავს.

ბროვცევმა პარლამეტში კიდევ ერთი მიმართვა 20 თებერვალს გაგზავნა და დეპუტატებს კატეგორიული ტონით მოსთხოვა საკითხის განხილვა. ბროვცევის მოტივაცია ის არის, რომ რეგლამენტით პრეზიდენტის მიმართვის განხილვა რიგგარეშე სხდომაზე უნდა მოხდეს. ბროვცევის ნაბიჯის საპასუხოდ თავად ხუგაევმა განაცხადა, რომ გადადგომას შესაძლებლად მიიჩნევს, მაგრამ ამის დრო ახლა არ არის. ბროვცევს დე ფაქტო პარლამენტში “სახალხო პარტია” და “ედინსტვოს” ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. ეს ხალხი ცხინვალში ექსპრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მომხრეებად ითვლებიან. თეიმურაზ ხუგაევი კი კოკოითის ნათესავია.

დღეს ცხინვალში ყველა ექსპერტი მიიჩნევს, რომ კოკოითი კულისებიდან ვითარებას ისევ მართავს. მისთვის გენპროკურორის თანამდებობაზე დატოვება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან არ იცის, მისი შემცვლელი დაიწყებს თუ არა ცხინვალში დაკარგული რუსული ფინანსების გამოძიებას. ეს გამოძიება კი ექსპრეზიდენტს და მის გარემოცვას საფრთხეს უქმნის, ამიტომ კოკოითი დაინტერესებულია, რომ ხელისუფლების სათავეშიც მისი კადრი იყოს.

რამდენიმე წლის წინ, როცა კოკოითის და ბროვცევის დაპირისპირებამ რუსული ფინანსების განაწილების გამო პიკს მიაღწია, ბროვცევის საწინააღმდეგო კამპანია პარლამენტში სახალხო პარტიამ დაიწყო და პრემიერ-მინისტრის უნდობლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. მაშინ კრემლის წარმომადგენელი გადარჩა. ახლა ბროვცევსა და პარლამენტს შორის დაპირისპირების ახალი ფაზა დაიწყო. ხუგაევის გადაყენების მოთხოვნით ნოემბერ–დეკემბრის აქციებზე ოპოზიციაც  გამოდიოდა. ალა ჯიოევასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ–ერთი პუნქტი გენერალური პროკურორის გადაყენებას ეხებოდა, მაგრამ დეკემბერში პარლამენტმა კოკოითის თხოვნაზეც უარი განაცხადა, ჯიოევა კი შეთანხმებიდან გავიდა და ინაუგურაცია დანიშნა, რასაც მისი ოფისის დარბევა მოჰყვა. ჯიოევა კი რეანიმაციაში აღმოჩნდა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ექსპერტების აზრით, ცხინვალში ანტირუსული განწყობა იზრდება და შესაძლოა ცხინვალში პუტინი დამარცხდეს კიდეც. ამიტომ ბროვცევმა ოსური საზოგადოების გულის მოსაგებად ხუგაევის გადაყენება კიდევ ერთხელ მოითხოვა, მაგრამ პარლამენტის წევრთა ნაწილის წინააღმდეგობას წააწყდა. 20 თებერვლის მიმართვაში, როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, ბროვცევი პარლამენტს საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას სთხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი