ახალი ამბები

სააკაშვილი: “თუ გვინდა არმია, ავღანეთში უნდა ვიყოთ”

20 თებერვალი, 2012 • 1501
სააკაშვილი: “თუ გვინდა არმია, ავღანეთში უნდა ვიყოთ”

მიხეილ სააკაშვილი დღეს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა. პრეზიდენტმა ბაზა “შუკვანზე” ISAF-ის ქართველ მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ქვეყნის პირველმა მთავარსარდალმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის:

“ჩვენი სამშობლოს ნაწილი დაპყრობილი აქვს მტერს, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო საბოლოოდ გავათავისუფლოთ. ხშირად ისმის კითხვა, რას აკეთებენ ჩვენი შეიარაღებული ძალები ავღანეთში, ახლა კიდევ ერთი ბატალიონი ემატება. რატომ რისკავენ ისინი სიცოცხლეს და რატომ ვაგრძელებთ ქართველი ჯარისკაცების აქ წარდგენას, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით ჭირდება დაცვა და შეიარაღებული ძალები. თუ გვინდა ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები გვყავდეს, ჩვენ ავღანეთში უნდა ვიყოთ, თუ გვინდა გვქონდეს ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა, ჩვენ უნდა ვიყოთ ავღანეთში. იმის გამო, რომ თქვენ აქ ხართ, ჩვენ უფრო მეტად გვეხმარებიან, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს პარტნიორებთან მუშოაბას,“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ავღანეთში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა თავდაცვის უწყებრივი მედლებით “სამშობლოსთვის თავდადებული” ჰელმანდში მომსახურე ჯარისკაცები – ვიცე პოლკოვნიკი ფრიდონ ელბაქიძე, კაპიტანი პაატა ნაკანი, უფროსი ლეიტენანტები გიორგი ფილია და ბექა კელენჯერიძე და კაპრალი გიორგი ლომიძე დააჯილდოვა.

ოფიციალური მიმართვის შემდეგ პრეზიდენტმა ჯარისკაცებთან ერთად ისადილა, მიხეილ სააკაშვილი ქართველ სამხედროებთან ერთად კონკრეტული მონაკვეთს პატრულირებდა.

“ამაზე რთული ადგილი დედამიწაზე არ არსებობს, თქვენ უნიკალურ გამოცდილებას იძენთ, ეს მარტო თქვენ კი არ დაგრჩებათ, ეს დარჩება ათწლეულების და ასწლეულების მანძილზე ჩვენი შეიარაღებული ძალების მახსოვრობაში. ასეთი რაღაც ინსტიტუციურად რჩება, ამაზე უფრო რთულ პირობებში სად უნდა იყოთ?! ეს გვაძლევს წარმოუდგენელ გამოცდილებას მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება, თუ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია, თუ გვინდა არმია, ავღანეთში უნდა ვიყოთ,” –აღნიშნა პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებთან სადილისას.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ავღანეთში თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი