ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი პარლამენტის წევრად

12 ივლისი, 2016 • 1384
ზაქარეიშვილი: ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი პარლამენტის წევრად

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი პრემიერის გადაწყვეტილებით დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და სამინისტროს გადაბარების პროცესს იწყებს. როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, სავარაუდოდ, თანამდებობას მის პირველ მოადგილეს გადააბარებს და ამ პროცესს დაახლოებით 10-12 დღე დასჭირდება.

ყოფილი მინისტრის თქმით, მან ცვლილების შესახებ 11 ივლისს გაიგო.

“მე გუშინდელ დღემდე ვმუშაობდი ჩვეულებრივ რეჟიმში. ჩემი გათვლებიც იყო ისეთი, რომ ბოლომდე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გუშინ შეიცვალა არსებითად ვითარება. რა თქმა უნდა, იყო სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიცია არ იყო იმისათვის, რომ შემეყოვნებინა ჩემი ყოველდღიური საქმიანობა. დღეიდან დაიწყება უკვე გადაბარების პროცესი. არ მგონია, ამ პროცესს დასჭირდეს დიდი დრო – მაქსიმუმ 10-12 დღე.

გუშინ პრემიერთან საუბრისას გამოჩნდა მკაფიო პოზიცია, რომ წინასაარჩევნო რეჟიმში “ქართულ ოცნებას” ურჩევნია, რომ მინისტრები იყვნენ პარტიულად გამოკვეთილი,” – აცხადებს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის განცხადებით, ის არ გეგმავდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

“მე გულწრფელად მჯეროდა, რომ ევროპული სტანდარტი გაგრძელდებოდა ბოლომდე და ჩვენ ვიქნებოდით ბოლომდე ერთად, არჩევნებამდე. ამიტომ მე არ მქონდა არჩევნებში მონაწილეობა დაგეგმილი, ამიტომ ახლა მე უნდა ვიფიქრო.

მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი პარლამენტის წევრად. მე ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი აღმასრულებელი ფიგურა. მე მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება და  მათი რეალიზაცია” – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს დატოვებენ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი რესპუბლიკელი მინისტრი, გიგლა აგულაშვილი პარტიას ტოვებს და სავარაუდოდ მინისტრის თანამდებობაზე რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი