ახალი ამბები

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს დატოვებენ

12 ივლისი, 2016 • 1516
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს დატოვებენ

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს დატოვებენ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ თუ ევროპა გვინდა, თუ ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და უნდა ვისწავლოთ ეს ტრადიციები, როდესაც მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ეს შევთავაზეთ პარტნიორებს “ქართულ ოცნებაში”. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ჩვენი მთავრობის წევრები თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ არჩევნების ბოლომდე და ჩვენ მათ გარეშე გავიდოდით საარჩევნო კამპანიაში. “ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა, ჩათვალა, რომ მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი განამრტებით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი პარტიულ საქმიანობას დაუბრუნდებიან:

“აქედან გამომდინარე, რესპუბლიკური პარტიიდან მთავრობაში წარგზავნილი მინისტრები, თინათინ ხიდაშელი, პაატა ზაქარეისვილი მინსიტრების თანამდებობებს დატოვებენ და გადმოერთვებიან პარტიულ აქტიურობაში. ხოლო გიგლა აგულაშვილმა სხვა არჩევანი გააკეთა და რჩება თანამდებობაზე, რჩება მთავრობაში.”

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით,  გუშინ, 11 ივლისს პრემიერ-მინსიტრმა  მათ შესთავაზა, რომ მინისტრების პოსტზე დარჩენილიყვნენ  და  პარტია დაეტოვებიათ, რაზეც მან და ხიდაშელმა უარი განაცხადეს.

თინა ხიდაშელის განმარტებით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

“მე გუშინ მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, და შევთანხმდით გარკვეულ კალენდარზე. ბუნებრივია, აქამდე როგორც მოვედით, ზუსტად ისევე ცივილიზებულად უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. თავდაცვის სამინსტროში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი დასასრულებელი, რომელსაც ახლა გადაბარების რეჟიმი ხელს შეუშლის და პრობლემას შექმნის. მათ შორის ერთ-ერთი არის [მემორანდუმი]; რამდენიმე დღის წინ თბილისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მე მაშინვე ვთქვი, რომ დაგეგმილი იყო ივლისის შუა რიცხვებში ამერიკაში ვიზიტი და ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა. ამიტომ მე ამერიკაში გავემგზავრები, ამ პროცესზე მუშაობას დავასრულებ და უკან დაბრუნების შემდეგ კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით. არ მგონია, ეს ასეთი მნიშვნელონი იყოს, რომელ რიცხვში მოხდება ეს. პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენთვის უკვე ცნობილია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას, მე და პრემიერი ერთ აზრზე ვართ, რომ შუაში მივატოვო პროცესი, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია.” – აცხადებს ხიდაშელი.

კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა თინა ხიდაშელს პარტიის დატოვება და თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენა ის პასუხობს, რომ გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება ამ კითხვაზე პასუხობს.

“მე ვფიქრობ, რომ გიგლას გადაწყვეტილება მინისტრად დარჩენის, პარტიიდან წასვლის შესახებ, თქვენს კითხვაზე პასუხს სცემს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი