ახალი ამბებიკომენტარი

ძალადობა ყოფილ ცოლზე – მოძალადის მოტივაცია და სახელმწიფო

12 ივლისი, 2016 • 2975
ძალადობა ყოფილ ცოლზე – მოძალადის მოტივაცია და სახელმწიფო

ქალზე ძალადობა მას შემდეგაც შეიძლება არ დასრულდეს, როცა ქალი ქმარს ან შეყვარებულს შორდება და დამოუკიდებელ  ცხოვრებას იწყებს. 27 წლის ქალს, რომელიც ქმარს ერთი წლის წინ დაშორდა და შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს, ყოფილმა ქმარმა სასტიკად სცემა და ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – შემთხვევა ჩაისუბანში, რამდენიმე კვირის წინ მოხდა; ცოტა უფრო ადრე, მამაკაცმა ყოფილ ცოლს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სცემა; 2 ივლისს თბილისში მამაკაცმა ყოფილი ცოლის შეყვარებული მოკლა. რა სურთ ყოფილ ქმრებს ყოფილი ცოლებისგან, როგორ იცავს ქალს სახელმწიფო ყოფილი ქმრების ძალადობისგან და რისგან უნდა გათავისუფლდეს ქართული სამართალდამცავი სტრუქტურები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა ისაუბრა.

 ანა, გარდა იმისა, რომ ქალი არის ძალადობის მსხვერპლი ოჯახში, ფაქტები აჩვენებს, რომ ის ძალადობის მსხვერპლად რჩება ქმართან განშორების შემდეგაც. ყოფილი, მოძალადე ქმარი – ეს რა მოვლენაა?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს არის შედეგი ქალების ჩაგრული და დისკრიმინირებული მდგომარეობისა საზოგადოებაში. ქალი განიხილება როგორც მამაკაცის საკუთრება, რაც ძალიან კარგად ვლინდება ჩვენს მეტყველებაშიც, როცა ქალს მოიხსენიებენ ვიღაცის ცოლად და არა დამოუკიდებელ პიროვნებად. სტერეოტიპული მიდგომები ვლინდება კანონით მოწესრიგებულ სფეროებშიც კი. ყველა უწყება, ვინც მუშაობს ოჯახში ძალადობის ან ქალთა დისკრიმინაციის თემაზე, თითქმის ბუნებრივად მიიჩნევს ქალის ცხოვრების კონტროლს ქმრის მხრიდან. ჩვენ იმდენად ვართ სტერეოტიპებში ჩაკარგული, რომ ვეღარ ვახერხებთ თანასწორად აღვიქვათ ადამიანები.

არის შემთხვევები, როცა საზოგადოება კაცის საქციელს .. კულტურული კლიშეებით ამართლებს და ძალადობას შეიძლება „კაცობაც“ კი უწოდოს. თუ ყოფილა შემთხვევა, როცა მსგავსი განწყობა აქვთ სამართალდამცავებსაც?

ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა ე.წ. ეჭვიანობის ნიადაგზე ქალის თავისუფლების და გადაწყვეტილების მიღების უფლების შეზღუდვა ნორმად ჩათვლილა. ყველა ასეთ სიტუაციაში, როცა გავიგონებთ „იეჭვიანა და აბა, რა უნდა ექნა“, –  ჩავანაცვლოთ ამ დროს ცოლი სხვა სუბიექტებით და მერე ვიკითხოთ გამართლებული იქნებოდა თუ არა იგივე ქმედება სხვა სუბიექტის მიმართ. მახსენდება სალომე ჯორბენაძის შემთხვევა, როდესაც ყოფილ პარტნიორს ამართლებდნენ, როცა მან ცოლს დაუწუნა პროფესიული არჩევანი და მოინდომა მისი გაკონტროლება. ქმარს რომ სდომოდა სამოდელო ბიზნესში წასვლა, ექნებოდა თუ არა ცოლს საზოგადოებისგან მხარდაჭერა, თუ ის იტყოდა, რომ არ უნდა ქმარმა მოდელად იმუშაოს ან ფოტოები გადაიღოს. ქალის შემთხვევაში კი კარგად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალებს განიხილავენ როგორც კაცის საკუთრებას. მიუხედავად იმისა, რომ კანონში გვიწერია მეუღლეები არიან დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებაში, ეს სტერეოტიპი მაინც ვლინდება ჩვენს მსჯელობასა და ქმედებაში. განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა სტერეოტიპულ შეხედულებებს ამჟღავნებენ სამართალდამცავები, გადაწყვეტილების მიმღები და კანონშემოქმედები.

დაშორების, განქორწინების შემდეგ რატომ ცდილობს კაცი, რომ იძალადოს ყოფილ პარტნიორსა თუ მეუღლეზე?

ეს დანაშაული საკუთრებისა და ძალაუფლების გამოცხადებაა. მოძალადეები ყველას ატყობინებენ, რომ მათ „ტერიტორიაზე“, „საკუთრებაზე“ განუსაზღვრელი უფლებები აქვთ. ამის გამოცხადების საჭიროება კი დგება, თუ ხედავენ,  რომ მიუხედავად მათი მოლოდინისა, ქალმა შეძლო დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის მოპოვება.

მოძალადეების ძირითადი გზავნილი ქალთან არის  –  „შენ ჩემ გარეშე არაფერს წარმოადგენ, ვერაფერს მიაღწევ, არავის სჭირდები“. როდესაც დაინახავენ, რომ სინამდვილეში ქალი წარმოადგენს რაღაცას და შესაძლოა მოძალადეზე მეტად წარმატებულიც იყოს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში, მაშინ მოძალადე იწყებს „წესრიგის დამყარებას“  პირველყოფილი, ფიზიკური მეთოდით.

 პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფემიციდის [ფემიციდი –  როდესაც ადამიანს კლავენ იმის გამო, რომ ის ქალია] შესახებ კანონპროექტს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სახელისუფლებო წრეებშიც კი ბოლომდე არ არის გააზრებული პრობლემის სიმწვავე

ჩვენი პარლამენტარები უარს ამბობენ აღიარონ, რომ გენდერული უთანასწორობის ჭრილში არსებობს გარკვეული პრობლემები. ეს, ერთი მხრივ, მათი ცოდნის ნაკლებობაზე მიუთითებს, მეორე მხრივ იმაზე, რომ თავად ინარჩუნებენ სტერეოტიპულ შეხედულებას, არ აანალიზებენ ამ დანაშაულის არსს. „რა მნიშვნელობა აქვს, კაცი მოკლა თუ ქალი“ –  ასეთია მათი არგუმენტი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქალის მკვლელობის მოტივი ზუსტად ის არის,რომ ვიღაც მიიჩნევს, რომ აქვს ქალის მკვლელობის უფლება, თუნდაც ის ყოფილი ცოლი იყოს. და თუ შენ არ გექნება რეაგირება მოვლენაზე, რომელიც ამგვარი უთანასწორობით არის ნაკარნახევი, ხელშემწყობი ხდები. ამიტომ პარლამენტარებმაც, მოსამართლეებმაც და სხვა პირებმაც აუცილებლად უნდა გააკეთონ საკუთარი სტერეოტიპების კრიტიკული ანალიზი.

მოსამართლეები, ადვოკატები ხომ აბარებენ გამოცდებს. რამდენად გამართულია ეს სისტემა და თუ აქცევენ ყურადღებას, ვთქვათ, მოსამართლის შეხედულებას, რამდენად  ჰომოფობიური ან დისკრიმინაციულია ის?

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომლის წევრი ჩვენი ორგანიზაციაც არის, აქტიურად აკვირდება მოსამართლეების გასაუბრებისა და შერჩევის პროცესს. მათი უმრავლესობა ყოფილი მოსამართლეები არიან და ჩვენ არაერთხელ გავავრცელეთ მნიშვნელოვანი განცხადებები პროცესის შეფასებაზე, თუ როგორი დისკრიმინაციული და სტერეოტიპების შემცველია პასუხები მოსამართლეობის კანდიდატებისგან. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც კი ხშირად სტერეოტიპების შემცველ კითხვებს სვამენ.  მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი საბჭოს წევრი სვამდა კითხვას გენდერულ თანასწორობაზე, დანარჩენი წევრები იცინოდნენ. მახსენდება ერთი პასუხი: „შუშანიკის წამებაში“ რომ გვასწავლიდნენ დაჩაგრული იყო ქალი, სინამდვილეში დაჩაგრული იყო კაცი, რადგან კაცმა სთხოვა მოდი და ჩემთან ერთად ისადილე, შუშანიკმა კი უარი უთხრაო“ და ეს გახდა ოხუნჯობის თემა. წარმოიდგინეთ, მსხვერპლი ქალი რომ მიმართავს სასამართლოს, როგორ განიხილება მისი საქმე.

სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება განაპირობებს თუ არა იმას, რომ კაცის მიერ ჩადენილი დანაშაული ნაკლებად ხდება განსჯის საგანი, ვიდრე – ქალის. როცა სამართალდამცავი სისტემა, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი, მენტალურად დგება მოძალადე კაცის მხარეს, არის თუ არა ეს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ერთგვარი წაქეზება?

მინახავს, როცა  დანაშაულიმიიჩნევა „კაცობისა“ და „ვაჟკაცობის“ გამოვლინებად. „კაცი ყოფილხარ“  – ასეთი კომენტარიც მომისმენია, რაც, ბუნებრივია, ძალადობის წახალისებაა. თუ შეესწრებით პოლიციელების რეაგირებას ქალების მიმართ ძალადობაზე, ხშირად აღმოაჩენთ „ცოლის ჭკუის დარიგებას“,როცა ძალადობის მსხვერპლ ქალს პოლიციელი ურჩევს –  „მოეფერე შენს ქმარს“, „დაუჯერე რასაც გეუბნება“.ეს ადამიანები ალბათ იმასაც ფიქრობენ, რომ ყოფილი ცოლის კონტროლის უფლებაც აქვს კაცს, რადგან ის „მისი შვილის დედაა“.  პრობლემაა ისიც, რომ როცა საზოგადოებას არ უკვირს, რომ ყოფილმა ქმარმა იძალადა ქალზე. როცა გვექნება ბუნებრივი გაოცება, მერე დაიწყება ცვლილებები.

ქმარშვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესმა აჩვენა თუ არა ის, რომ საზოგადოებაც და სამართალდამცავი უწყებებიც უფრო რადიკალები არიან, როცა ქალის დანაშაულზეა საუბარი, ვიდრე კაცის შემთხვევაში? ახლო წარსულში იყო ორი შემთხვევა, როცა კაცმა მოკლა ცოლშვილი და მეორე, როცა მამაკაცმა მოკლა ყოფილი შეყვარებულის შვილი და დედა, თუმცა საზოგადოების რეაქცია არ ყოფილა ისეთი მწვავეროგორც ამ კონკრეტული ფაქტის მიმართ.

ამ საქმეშიც გენდერული როლი იყო წამყვანი, ამიტომ იყო გაასმაგებული ზეწოლა.ყველამ მიიჩნია, რომ უნდა მიეთითებინა და თვითონ გადაეწყვიტა, რა იყო ამ ქალისთვის ადეკვატური სასჯელი. პრობლემაც იმაშია, რომ გენდერული როლების მიხედვით, ჩვენ, ქალებს, განსხვავებული ტვირთი გვაქვს და საზოგადოებაშიც განსხვავებული აღქმაა. ქალის აღქმაც გამომდინარეობს იმ ჩარჩოდან, სადაც ის მოაქცია საზოგადოებამ.

როგორ ფიქრობთ, სად უფრო მნიშვნელოვანია დღეს მთავარი აქცენტის გაკეთება, –  სამართალდამცავების, სასამართლო სისტემის პასუხისმგებლობაზე და მათ კვალიფიკაციაზე, რომ სამართლიანად მოხდეს ფაქტების შეფასება, თუ საზოგადოების ცნობიერებაზე?

ვფიქრობ, სწორი იქნება აქცენტის გაკეთება სამართალდამცავებზე, რადგან მათ მარტო კანონი არ უნდა ვასწავლოთ. კანონი ერთია, მაგრამ ქმედება, შეფასება, აღქმა და აზროვნება უმთავრესია. ამიტომ შს სამინისტრომ მხოლოდ კანონის ნორმების შესახებ კი არ უნდა ატაროს ტრენინგი, არამედ სტერეოტიპული შეხედულებების გადახედვაზე. ადამიანი, რომელსაც  აქვს ღირებულებებში პრობლემა, კანონს ვერ აღასრულებს. ამიტომ, კანონთან ერთად სამართალდამცავებს საკუთარი სტერეოტიპების კრიტიკული შეფასება უნდა მოვთხოვოთ. უცხოური პრაქტიკა აჩვენებს, რომ სტერეოტიპების საჯარო გამოვლინებაზე ქცევაში ან მეტყველებაში, საზოგადოებას აქვს ძალიან მწვავე რეაქცია, რასაც, ბუნებრივია, დისციპლინური პროცედურებიც ემატება. ევროპულ ქვეყნებში მარტო დაწერილ კანონს არავინ ჯერდება, თანასწორობა უნდა იყოს ქცევაში, მეტყველებაში გამოხატული და მინდა, რომ ასეთივე მოთხოვნები გაჩნდეს ქართველ სამართალდამცავებთან მიმართებაშიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი