ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, 95,848 ლარი ბიუჯეტში დააბრუნოს

20 თებერვალი, 2012 • • 1210
“ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, 95,848 ლარი ბიუჯეტში დააბრუნოს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, კონტროლის პალატის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ბიუჯეტში გადარიცხოს შემოწირულობის სახით მიღებული 95’848 ლარი. აღნიშნულის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა “ნეტგაზეთს”.

“მინდა თავდაპირველად აღვნიშნო, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კანონის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით, საფინანსო დეკლარაციის სახით, ჩვენ წლიური ინფორმაცია წარვუდგინეთ კონტროლის პალატას.

“ამავდროულად, მოვისმინე დღეს გაკეთებული განცხადება ჩვენ მიმართ კონტროლის პალატის მხრიდან  და მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გვქონდა კონსულტაცია პარტიის შიგნით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის თანხები, რომელზეც კონტროლის პალატამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მიიჩნევს პრობლემურად, მიმართული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში,” – აღნიშნავს მელიქიშვილი.

თუმცა ის არ აკონკრეტებს იმ ფიზიკური პირის ვინაობას, რომელიც კაონტროლის პალატამ მიიჩნია საეჭვო გადარიცხვებში დაკავშირებულად. აღნიშნულის შესახებ განმარტება არც კონტროლის პალატის განცხადებაშია.

“კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, ის თანხები, რომელიც პრობლემურად იქნა მიჩნეული და ვარაუდი გამოითქვა კონტროლის პალატის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვაქვს, ვაპირებთ, რომ მივმართოთ ეს თანხები სახელმწიფოს ბიუჯეტში,” – განმარტა მელიქიშვილმა.  

შეგახსენებთ, კონტროლის პალატაში მიაჩნიათ, რომ პარტიამ აღნიშნული რაოდენობის თანხა რეალურად ერთი პიროვნებისგან სხვადასხვა პირის საშუალებით მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი