ახალი ამბები

სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

11 ივლისი, 2016 • 1452
სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა – პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილი. სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურში ადასტურებენ ტოხოსაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას.

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” (ICK) ცნობით, ბექხან ტოხოსაშვილი სირიაში 2014 წელს წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS/დაეშის) რიგებში, თარხან ბათირაშვილის რაზმში იბრძოდა.

კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბექაურმა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძვის  ბექხან ტოხოსაშვილის უფროსი ძმაც, კახა ტოხოსაშვილიც. იმავეს წერს “კახეთის საინფორმაციო ცენტრიც”.

ნეტგაზეთი 11 ივლისს დაუკავშირდა სოფელ ჯოყოლოს რწმუნებულს, ოთარ მუთოშვილს. ის ამბობს, რომ ტოხოსაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სულ რამდენიმე წუთის წინ გაიგო თანასოფლებებისაგან, თუმცა არ იცის, საიდან გავრცელდა სოფელში ეს ინფორმაცია.

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ცნობით, 2015 წლის აპრილის ბოლოს ბექხან ტოხოსაშვილს ცოლად შერთვის მიზნით პანკისიდან 17 წლის გოგონა გაუგზავნეს, რომელიც სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის დისშვილია.

ჯერჯერობით დაუდასტურებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სირიაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დაიღუპა – პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ომარ მარგოშვილი და სოფელ დუმასტურში მცხოვრები ასლანბეგ ბორჩაშვილი.

“კახეთის საინფორმაციო ცენტრისა” (ICK) და პანკისის სათემო რადიო “ვეის” ცნობით, ასლანბეგ ბორჩაშვილი საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს სწავლობდა, საქართველოდან თურქეთში 2015 წლის აგვისტოში წავიდა ბიძაშვილთან ერთად, იქიდან კი სირიაში გადავიდა.

2015 წელს წავიდა საქართველოდან თურქეთსა და შემდეგ სირიაში 39 წლის ომარ მარგოშვილიც. ICK-ს ცნობით, ის ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა.

“ნეტგაზეთს” მარგოშვილისა და ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის 11 ივლისს დაუდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი