ახალი ამბები

დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული შსს-მ დააკავა

11 ივლისი, 2016 • 1333
დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული შსს-მ დააკავა

შსს-ს ცნობით,  ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული, 24 წლის ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

“ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა,”- აცხადებს შსს.

მკვლელობა 10 ივლისს მოხდა. ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ამავე სოფელში, ვაჩიანში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები და დანიშნულია ექსპერტიზები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი