ახალი ამბები

უსუფაშვილი: ცუდია, რომ მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმის მიღება ვერ მოხერხდა

11 ივლისი, 2016 • 1198
უსუფაშვილი: ცუდია, რომ მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმის მიღება ვერ მოხერხდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი “სამწუხაროს” უწოდებს იმ ფაქტს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტმა მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფომის მიღება ვერ მოახერხა.

ამის შესახებ განცხადება დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრალამენტში გააკეთა.

„საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ორი მოსმენით არის მიღებული, სამწუხაროდ, მისი განხილვა შეჩერდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კანონპროექტის ავტორი და პარლამენტში მისი წარმომდგენი მთავრობა, მისი წარმომადგენელი პროექტის განსახილველად პარლამენტში ვეღარ მობრძანდა და ამასთანავე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან განმარტება იყო, რომ ფრაქციაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა პროექტთან დაკავშირებით. ამის თაობაზე განცხადება პარლამენტში არაერთხელ გავაკეთე და მივმართე კოლეგებს, რომ პროექტი, რომელიც მესამე მოსმენით არის განსახილველი, ანუ მასში მხოლოდ რედაქციული ცვლილებებია შესატანი, რას ნიშნავს განსხვავებული პოზიციებია? – ეს პროექტი ან უნდა მივიღოთ, ან არ უნდა მივიღოთ. იყო საჭიროება, დიდი ხანია ამ თემაზეა საუბარი. სასამართლოებს ეს პროექტი სჭირდებათ და, მგონი, მისი მომზადებისთვის ყველა ინსტანცია იყო გავლილი.

საჭირო იყო პროექტის მიღება და კანონად ქცევა. ეს ვერ მოხერხდა. მგონი, ისევ და ისევ მარტივია მიზეზის პოვნა, რომ ინიციატორს, მთავრობას ან პარტია „ქართულ ოცნებას“ ბოლო მომენტში რაღაც განსხვავებული შეხედულებები აღმოაჩნდა პროექტის შემდგომ ბედთან დაკავშირებით. ეს არის ცუდი, მაგრამ რიგგარეშე სესიის მოწვევა ამ პროექტის მისაღებად, არ მგონია, იმაზე მეტი ეფექტის მომტანი იყოს, ვიდრე მთელი ორი თვის მანძილზე მოწვეული რომ იყო სესია, ტარდებოდა სხდომები, დღის წესრიგში გვქონდა კანონპროექტი და მომხსენებელი ვერ ჩამობრძანდა. ამასობაში, გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი ხმები ვერ გროვდებოდა თეორიულადაც, რადგან პარტია „ქართული ოცნება“ ბრძანებდა, რომ კენჭისყრისთვის მზად არ იყო. ამ ვითარებაში რიგგარეშე სხდომის მოწვევა შეიძლება იყოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ ვეჭვობ, რომ მან რაიმე შედეგამდე მიგვიყვანოს, იქიდან გამომდინარე, რაც მესმის ამ პარლამენტში, იმიტომ, რომ უმცირესობა ბოიკოტზეა და ამ კანონპროექტს ისედაც ხმას არ აძლევდა, უმრავლესობაში რა ვითარებაცაა, მოგახსენეთ,”- ამბობს დავით უსუფაშვილი. 


მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ნორმის ცვლილებასაც. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც იუსტიციის სამინისტროა, პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა განეხილათ, თუმცა ეს პროცესი გადაიდო.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ უკვე არაერთხელ გააპროტესტა მოსამართლეთა დანიშვნის არსებული წესი და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები. მათ საკონსტიტუციო სარჩელიც შეიტანეს დანიშვნის არსებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის და დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებაც მოითხოვეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განაცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით, ვინაიდან სწორედ ახლა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსმართლეთა დანიშვნის პროცესი, რეფორმა კი პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია. მისივე განმარტებით, ამ მძიმე შედეგის გარკვეულწილად თავიდან ასაცილებლად შეიძლება, რომ პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით მიიღოს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა.

მასალების გადაბეჭდვის წესი